ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

ზელენსკი ეკლესიის დაბომბვაზე: ველით იუნესკოს და გაეროს სამართლიან რეაგირებას

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი დონეცკის ოლქში მდებარე სვიატოჰირსკის ყოვლადწმინდა ლავრას დაბომბვას გამოეხმაურა. ცნობისთვის, ეკლესიას, რომელსაც ძლიერი ცეცხლი გაუჩნდა, 300 მშვიდობიანი, მათ შორის, მოხუცები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და მცირეწლოვანი ბავშვები აფარებდნენ თავს.

ზელენსკის თქმით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ევროპაში არც ერთ ქვეყანას არ გაუნადგურებია იმდენი კულტურული და საგანმანათლებლო ობიექტი, რამდენიც რუსეთმა და ამის გამო, მას უნდა ჩამოერთვას იუნესკოს წევრი სახელმწიფოს სტატუსი.

“დღეს, რუსულმა არტილერიამ ისევ მიიტანა დარტყმა სვიატოჰირსკის ყოვლადწმინდა ლავრაზე. პირველად, ის საბჭოთა კავშირის დროს გაანადგურეს. ახლა კი, აღდგენილი ეკლესია რუსეთის ჯარმა გადაწვა. ოკუპანტებმა ზუსტად იციან, რომელ ობიექტებს ესვრიან. მათ იციან, რომ სვიატოჰირსკის ლავრას ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეები არ არის. იციან, რომ იქ დაახლოებით 300 მშვიდობიანი აფარებს თავს, მათ შორის, 60 ბავშვი, მაგრამ რუსულმა არმიამ მაინც ესროლა მას, როგორც მთელ დონბასს. მათთვის სულ ერთია, რას გადააქცევენ ნანგრევებად. რუსეთის გარდა, არც ერთ სხვა სახელმწიფოს არ გაუნადგურებია ევროპაში ამდენი ძეგლი, კულტურული და სოციალური ობიექტი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. რუსეთის მიერ განადგურებული ყოველი ეკლესია, სკოლა და მემორიალი მოწმობს, რომ მისი ადგილი არ არის იუნესკოში. რაზე უნდა ესაუბრო ბარბაროსების და ტერორისტების სახელმწიფოს? იმაზე, თუ რომელი საარტილერიო ჭურვები სჯობს ისტორიული მემკვიდრეობის გასანადგურებლად? გაერთიანებული ორგანიზაციის წესება არ ითვალისწინებს ტერორისტებთან ასოცირებას. რუსეთს უნდა ჩამოერთვას იუნესკოს წევრობა. ველით იუნესკოს და გაეროს სამართლიან რეაგირებას”, – წერს ზელენსკი Telegram-ზე.

 

იტვირთბა....