უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ ნიდერლანდურ გამოცემა Nos-თან ინტერვიუში ისაუბრა, რატომ სურს, რომ პირადად ვლადიმერ პუტინთან გამართოს სამშვიდობო მოლაპარაკებები. ზელენსკის თქმით, რუსეთის არც ერთი სხვა წარმომადგენელი არაფერს არ წყვეტს და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მხოლოდ პუტინი იღებს.
“საქმე იმაში არ არის, რომ მასთან მოლაპარაკება მინდა. საქმე იმაშია, რომ სხვა არავინ არ არის, ვისაც მოელაპარაკები. მან ისეთი სახელმწიფო მოაწყო, რომელშიც არავინ არაფერს წყვეტს. ამიტომ, მნიშვნელობა არ აქვს, რას ამბობს მათი საგარეო საქმეთა მინისტრი. მნიშვნელობა არ აქვს, გამოგზავნიან თუ არა დელეგაციას ჩვენთან მოსალაპარაკებლად. ყველა ეს ადამიანი, სამწუხაროდ, არაფერს არ წარმოადგენს”, – აცხადებს ზელენსკი
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, პუტინი მაშინ დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან, როდესაც უკრაინა რუსეთს 23 თებერვლამდე არსებულ პოზიციებზე დააბრუნებს.
“ის იძულებული იქნება, ეს ნაბიჯი გადადგას, როდესაც ბრძოლის ველზე განცდილ მარცხს გააცნობიერებს”, – ამბობს ვოლოდიმერ ზელენსკი.
ამავე თემაზე: მაკრონი და შოლცი რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდებენ, ზელენსკისთან პირდაპირი მოლაპარაკებები გამართოს