საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა დღეს გამართული სამმხრივი სატელეფონო საუბრისას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოუწოდეს, დასთანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას, უკრიანის ლიდერთან, ვოლოდიმერ ზელენსკისთან პირდაპირი მოლაპარაკებები გამართოს და ქვეყნიდან ჯარი გაიყვანოს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს გერმანიის მთავრობის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
“გერმანიის კანცლერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და რუსული ჯარების გაყვანა მოითხოვეს. მათ რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდეს, ჩაერთოს სერიოზულ პირდაპირ მოლაპარაკებებში უკრაინის ლიდერთან და გამონახოს კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტის გზა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
“სიენენის” ცნობით, მაკრონის, შოლცისა და პუტინის საუბარი 1 საათისა და 20 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.
საუბრის კრემლის პრეს-ცენტრმაც გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც აღნიშნულია, რომ პუტინმა მაკრონს და შოლცს დაუდასტურა დიალოგის განახლების მზაობა.
“განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოლაპარაკებებთან დაკავშირებულ მდგომარეობას, რომელიც კიევის გამო გაყინულია. პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაადასტურა რუსული მხარის ღიაობა დიალოგის განახლებისთვის,“- ნათქვამია ინფორმაციაში.