საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, არც ერთ სანქცირებულ პირს თუ კომპანიას არ მიეცემა საშუალება, საქართველო გამოიყენონ სანქციების გვერდის ავლისთვის. როგორც ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, დღემდე არც ერთი ასეთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.
“იმის მიუხედავად, რომ ეროვნულ დონეზე ეკონომიკური სანქციები არ დაგვიწესებია რუსეთის წინააღმდეგ და ამას არც გავაკეთებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, არაერთხელ განგვიცხადებია და მინდა, კიდევ ერთხელ ამ ტრიბუნიდან განვაცხადო, რომ ჩვენ არ დავუშვებთ არც ერთი სანქცირებული ინდივიდისა თუ კომპანიის უკანონო საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ არ მივცემთ არც ერთ სანქცირებულ კომპანიას, თუ ინდივიდს, ფიზიკურ პირს საშუალებას, საქართველო გამოიყენოს სანქციების გვერდის ავლის მიზნით. არც ერთი ფაქტი დღემდე არ დაფიქსირებულა, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ არაერთი ყოვლად უსაფუძვლო ბრალდება, ცილისწამება გვესმის, როგორც ოპოზიციის მხრიდან, ასევე, სამწუხაროდ, უკრაინის მთავრობის მხრიდან”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სამართალთან და რეგულაციებთან, მაგალითად, გაეროს სანქციათა კომიტეტის რეგულაციებთან და გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამის რეზოლუციასთან.
“ჩვენი კანონმდებლობა ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსების და ხელშეწყობის, სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ და ა.შ. უზრუნველყოფს სანქციათაგან თავის არიდების შეუძლებლობას. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო კოორდინაცია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, გვაქვს მუდმივ რეჟიმში, ყოველდღიურად ინფორმაციის გაცვლა და მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს არც ერთი ქვეყნის, სანქცირებული არც ერთი კომპანიის და ინდივიდის უკანონო საქმიანობას საქართველოში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ.