ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მეგრელიშვილი ბერძენიშვილზე: იმის მოთხოვნა, ადამიანს პედაგოგიური საქმიანობა აეკრძალოს, სირცხვილია

პარტია “გირჩიდან” პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრი, ვახტან მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილის წინააღმდეგ გავრცელებული პეტიცია, რომლის მოთხოვნაც მისთვის სტუდენტებთან კომუნიკაციის აკრძალვაა, განათლების ნაკლებობაზე მიანიშნებს.

“მეტრონომთან” საუბარში მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ მისთვის წარმოუდგენელია, რა არგუმენტები შეიძლება ამართლებდეს იმას, რომ საკუთარი აზრის გამოთქმის გამო, ადამიანს პედაგოგიური საქმიანობა აეკრძალოს.

“ჩემი აზრით, ეს არის სასირცხვილო, იმდენად გაუნათლებლობასთან გვაქვს საქმე. წარმოიდგინეთ, როდესაც ერეკლე მეფე ცხოვრობდა, მაშინ ჩვენი გაგებით, ნაციონალური სახელმწიფო არ არსებობდა, იდეაც კი არ არსებობდა მაგ პერიოდში და შესაბამისად, ერეკლე ვერავის ვერ უღალატებდა. ეს ყველაფერი მისი იყო, ქვეყანა მისი იყო, მონარქია სრულიად განსხვავებული მსფლმხედველობა და აღქმა იყო იმ პერიოდის საზოგადოებაში. საქართველო, როგორც ასეთი, ეს თანამედროვე ფენომენია. ამ დისკუსიაში შეიძლება ნებისმიერი მკვლევარი შევიდეს და სხვადასხვა კუთხიდან დაინახოს ისტორიული მოვლენა. ამაზე განაწყენება და მოთხოვნა, რომ ადამიანს პედაგოგიური საქმიანობა აეკრძალოს, ამაზე აბსურდული რა უნდა იყოს, ვერც კი ვხვდები. ეს ხალხი როგორ შეიკრიბა, ვერ ვხვდები. რაღაცა ხომ ეწყინათ და მაინტერესებს, რა ეწყინათ. მეც ლექტორი ვიყავი და ვასწავლიდი სკოლაშიც, უნივერსიტეტშიც და ვერ წამომიდგენია, ვიღაცას ჩემი აზრის გამო ეთქვა, რომ აღარ შეიძლება ამ კაცმა ასწავლოსო. ერეკლე მეფემ თავის დროზე რაღაც დიპლომატიური შეთანხმება დადო, ამის გამო, ლევან ბერძენიშვილი რას აკნინებს?”, – ამბობს მეგრელიშვილი.

ცნობისთვის, ბერძენიშვილმა განაცხადა:

“მანამ ერეკლე მეფე მოღალატედ არ არის გამოცხადებული, მანამდე ირაკლი ღარიბაშვილი გამოვა და იტყვის – “ომი გინდათო”? ერეკლემაც ეგ თქვა – “აბა, ომი გინდათო?”. მეომარი კაცი იყო, 80 ომი მოიგო, ხოდა მე მეკითხებოდა ომი გინდაო? მე არ მინდოდა ომი, არავის არ გვინდოდა ომი, მაგრამ რომ ჩააბარა მთელი საქართველო, როცა მარტო კახეთს აკონტროლებდა, ვინ მისცა მაგის უფლება? ხომ დაუწერა საკუთარმა შვილთაშვილმა, ვინ მოგცა ნებაო”.

ამავე თემაზე: “მასწავლებელი ვარ – თუ ვინმე ამიკრძალავს, დავიცავ ჩემს უფლებებს”, – ლევან ბერძენიშვილი 

 

იტვირთბა....