ახალი ამბები მთავარი ჯანდაცვა

ქართულ ბაზარზე ახალი, იაფფასიანი მედიკამენტები დღეიდან გამოჩნდება

 

კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიას“ იაფი მედიკამენტები ქართულ ბაზარზე დღეს გამოჩნდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, „კომერსანტის“ შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა. „მიჭირდა ყოველთვის რაღაც კონკრეტული თარიღი მეთქვა, მაგრამ ახლა შემიძლია კონკრეტული თარიღი გითხრათ, რომ დღეს გამოჩნდება პირველი მედიკამენტები. დღეს არის დაგეგმილი პირველი აქტივობა, თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში. დღეს პირველი პაციენტები უკვე მიიღებენ ამ ხელმისაწვდომ მედიკამენტებს. შევახსენებ საზოგადოებას, რომ ჩვენი ამოცანა არ ყოფილა ერთი რომელიმე კომპანიის ლობირება, არამედ სისტემის შექმნა, რომელსაც ორი კომპონენტი ექნებოდა: ერთი- ხარისხის კონტროლი და მეორე- კონკურენციის უზრუნველყოფა. ამ გადადგმულმა ნაბიჯებმა უკვე გამოიღო შედეგი და მე შემიძლია კონკრეტული თარიღი გითხრათ. დიახ, დღეს იწყება, როცა ერთი კომპანია უკვე გამოჩნდა და იწყებს კონკრეტულ ქმედებებს. იმედია, რომ ეს ერთადერთი არ იქნება და კონკურენციის გახსნა თავის დადებით გავლენას იქონიებს“,- აღნიშნა დავით სერგეენკომ.

საუბარია კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიაზე“, რომელიც მედიკამენტებს საქართველოში არსებულ ფასებზე იაფად შემოიტანს.

როგორც „ჰუმანითი ჯორჯიას“ დირექტორი ანდრეი კუზმა „კომერსანტთან“ აცხადებს, მათი წამლების სარეალიზაციო ფასი ქართულ ბაზარზე არსებულ მედიკამენტებზე 30%–ით დაბალია.

„ჩვენი კომპანია 2015 წლის აპრილში შეიქმნა და მისი დამფუძნებელია „ჰუმანიტი ავსტრია“. ჩვენი პარტნიორია საქართველოს საპარტნიორო ფონდი. „ჰუმანიტი ავსტრიას“ გააჩნია ბაზარზე მუშაობის დიდი გამოცდილება, მასში მუშაობენ წამყვანი მსოფლიო სპეციალისტები მარკეტინგის, მშენებლობის და სხვა სფეროებიდან. ჩვენ მედიკამენტებს ვამზადებთ ისეთი ცნობილი კომპანიებისთვის, როგორიცაა SANOFI, PFIZER და სხვები. ჩვენი პროდუქცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იყიდება, მათ შორის ამერიკისა და ევროპულ ბაზრებზე,“ – აცხადებს კუზმა.

მისი თქმით, კომპანიის ქარხნები სხვადასხვა ქვეყანაშია განთავსებული. პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით.

„ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, გამოვიტანოთ პრეპარატები 30%–ით დაბალ ფასად. ამასთან, უზრუნველვყოფთ ხარისხის სრულ ჯაჭვს. ჩვენი პრეპარატები წარმოებულია EU GMP ქარხანაში, გადიან კონტროლს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ სერტიფიცირებულ ლაბორატორიაში და ასევე ინახება EU GMP სერტიფიცირებულ საწყობში,“– განუცხადა კუზმამ „კომერსანტს.“

საქართველოში „ჰუმანიტი ჯორჯია“ მედიკამენტების საწარმოს მშენებლობასაც გეგმავს  საქართველოს საპარტნიორო ფონდთან ერთად. საწარმო ორხევის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნება და მასში 130 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.

 

 

იტვირთბა....