უკრაინული მედიის ცნობით, რუსული მხარე პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული უკრაინელი პოლიტიკოსის და ოლიგარქის, ვიქტორ მედვედჩუკის “აზოვსტალის“ მებრძოლებზე გაცვლის შესაძლებლობას განიხილავს.
ამ ინფორმაციას მედიასაშუალებები რუსეთის დუმის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეზე, ლეონიდ სლუცკზე დაყრდნობით ავრცელებენ.
“ამ საკითხს ის ადამიანები განიხილავენ მოსკოვში, ვისაც მსგავსი უფლებამოსილება აქვს”, – განაცხადა მედიის ცნობით, სლუცკმა პრესკონფერენციაზე.
ჯერ კიდევ იქამდე, სანამ აზოვსტალის მცველების ნაწილი რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდებოდა, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინა მზად იყო, “აზოვსტალის” ქარხანაში გამაგრებული მებრძოლები, რომლებიც ოკუპანტების მიერ ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლში იმყოფებოდნენ, მედვედჩუკში გაეცვალათ.
პუტინს თავად მედვედჩუკმაც სთხოვა მარიუპოლი მცველებსა და მოსახლეობაში მისი გაცვლა.
ცნობისთვის, რადას დეპუტატი სახელმწიფო ღალატშია ბრალდებული.