ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

შსს-ს ცნობით, ავტობუსში კაცმა ცოლი ეჭვიანობის გამო მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, ავტობუსში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 39 წლის კაცმა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას, საკუთარი ცოლს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა ეჭვიანობის ნიადაგზე მიაყენა. შედეგად, 31 წლის ქალი ადგილზევე გარდაიცვალა.
შემთხვევა დღეს, შუადღის საათებში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ცოლ-ქმარი საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად მგზავრობდა.
“თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული რ.მ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 21 მაისს, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეს – 1991 წელს დაბადებულ ს.კ.-ს, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ს.კ. ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, დანაშაულში ბრალდებული პირი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა”, – ნათქვამია განცხადებაში.
შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
იტვირთბა....