ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

15 წლის ბიჭს თვეების განმავლობაში გასამრჯელოს გარეშე, იძულებით ამუშავებდნენ – შრომის ინსპექცია

შრომის ინსპექციის სამსახურმა არასრულწლოვნის იძულებითი შრომის ფაქტი გამოავლინა. როგორც შრომის ინსპექციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 15 წლის ბიჭმა მსხვილფეხა საქონლის სასაკლაოზე დაიწყო მუშაობა, რის შემდეგაც, კომპანიის უფლებამოსილმა პირმა მას სასაკლაოს სიახლოვეს, მისი კუთვნილი ფერმის საქმიანობაში დახმარება მოსთხოვა და ამაში არანაირ გასამრჯელოს არ უხდიდა.

როგორც შრომის ინსპექციაში აცხადებენ, მოზარდი თვეების განმავლობაში ფერმაში საქონელს უვლიდა, ხოლო მას შემდეგ, რაც უარი თქვა იძულებით მუშაობაზე, მისმა უშუალო ხელმძღვანელმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურახცყოფა მიაყენა და ნამუშევარი დღეების ფულადი ანაზღაურების გარეშე გაათავისუფლა სამსახურიდან.

არაგეგმიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ არასრულწლოვანი, 15 წლის ბიჭი 5 თვის განმავლობაში მუშაობდა მსხვილფეხა საქონლის სასაკლაოზე, რომლის მოვალეობაში შედიოდა ტერიტორიის დასუფთავება და ნარჩენების გატანა (საქონლის შიგთავსის გადაყრა, ხორცის მანქანაში ჩატვირთვა და ტერიტორიის დასუფთავება ინდივიდუალური დამცავი საშუალებების გარეშე და ა.შ.).

არასრულწლოვანთან გასაუბრების შედეგად გამოვლინდა, რომ მუშაობის დაწყებიდან მალევე, კომპანიის უფლებამოსილი პირი (დირექტორის მოადგილე/საქმისმწარმოებელი) მას სისტემატიურად სთხოვდა, სასაკლაოს მომიჯნავედ არსებული, მისი კუთვნილი ფერმის საქმიანობაში დახმარებას, რაც გულისხმობს მსხვილფეხა საქონლის მოვლას. ორგანიზაციის უფლებამოსილი პირი სამსახურიდან გაგდების მუქარით, თვეების განმავლობაში აიძულებდა არასრულწლოვანს მისი პირადი ფერმის საქმიანობის შესრულებას, რაშიც ის არანაირ გასამრჯელოს არ იღებდა. მუშაობის დაწყებიდან 5 თვის თავზე, არასრულწლოვანმა უარი უთხრა მის უშუალო ხელმძღვანელს ფერმაში საქმიანობის შესრულებაზე, რის შემდეგაც მან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანს და ნამუშევარი დღეების ფულადი ანაზღაურების გარეშე გაათავისუფლა სამსახურიდან”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც შრომის ინსპექციაში აცხადებენ, სამსახურმა იძულებითი შრომის ფაქტის გარდა, დაადგინა, რომ ასევე დარღვეულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებაც ( 01-126/ნ), რომლის მიხედვითაც, კრძალულია არასრულწლოვნის მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამსახურში დასაქმება – “მსხვილფეხა საქონლის სასაკლაო და ფერმა კი სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება”, – აღნიშნავენ შრომის ინსპექციაში.

რგანზიაციას არასრულწლოვნის იძულებითი შრომისა და შრომითი უფლებების დარღვევისათვის 10 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.

იტვირთბა....