“დამნაშავეს ხელს აფარებენ შეთხზული პოლიტიკური სარჩულით”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა ირმა ზავრადაშვილმა “მეტრონომს” განუცხადა იმ შეფასებების კომენტირებისას, რომელიც ტელეკომპანია “მთავარის” დანფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაკავებას მოყვა ოპოზიციურ სპექტრსა და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილში.
როგორც ზავრადაშვილი ამბობს, იმაზე საუბარი, რომ გვარამიას დაკავება რუსეთის დაკვეთის აღსრულებაა და ოპოზიციური ტელეკომპანიის მმართველის პატიმრობა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს ხელს შეუშლის, “არანაირ ნორმას არ აკმაყოფილებს”.
“მე ერთი რამე ვიცი, რომ ყველა შემდგარ სახელმწიფოში კანონის წინაშე, განურჩევლად საზოგადოებრივი მდგომარეობისა და თანამდებობისა, დამნაშავე უნდა იქნეს დასჯილი. ეს მარტო საქართველოში კი არ ხდება, აგერ, საფრანგეთის პრეზიდენტი არის შინაპატიმრობაში. ოპოზიციის წევრი იქნება, ჟურნალისტი თუ ვინ, ერთხელ და სამუდამოდ, ყველამ უნდა დაიმახსოვროს – კანონი ყველასთვის კანონია. რაღაცა შეთხზული, პოლიტიკური სარჩულით დამნაშავისთვის ხელის დაფარება არაფერში არ ჯდება. განსაკუთრებით, ყურადღებას გავამახვილებ ტერმინოლოგიაზე და დამოკიდებულებებზე, ეს არანაირ ნორმას არ აკმაყოფილებს. ეს გართულებული წარმოდგენებია საკუთარ თავზე და შესაძლებლობებზე. “მინდასა” და “შემიძლიას” შორის სერიოზული დისბალანსია. ევროკავშირში გაწვრიანობის უპირველესი საფუძველთა საფუძველი არის კანონის უზენაესობა და რატომ უნდა შეგექმნას ადამიანს საკუთარ შესაძლებლობებზე ამხელა წარმოდგენა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება-არგაწევრიანების საკითხი ვიღაცა კონკრეტულ პიროვნებაზე გადიოდეს, უბრალოდ არ ჯდება ნორმაში, პათოლოგიაა ეს”, – აცხადებს ზავრადაშვილი.
შეგახსენებთ, სასამართლომ “მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას “რუსთავი2”-ის საქმეზე 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.