ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი კომპანია CS Victims-ი ივანიშვილისა და Credit Suisse-ის შორის დავის შესახებ მორიგ განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სექტემბერში დაგეგმილია სასამართლო პროცესი სინგაპურის სასამართლოში Credit Suisse-ის მიერ დანიშნული მეურვეების ქმედებების შედეგად 800 მილიონ დოლარზე მეტი ზარალის მიყენების თაობაზე.
“ის ფაქტი, რომ გერნსში Credit Suisse-ის შვილობილმა კომპანიამ ვერ შეასრულა 11 აპრილის ინსტრუქციები, ბანკის ქცევის მოდელზე მიუთითებს, რომელიც არ ემსახურება ბენეფიციარების ინტერესებს და არღვევს შესაბამის სტანდარტებს. უფრო მეტიც, ეს გვაფიქრებინებს, რომ Credit Suisse-ი ცდილობს გამოიყენოს პოლიტიკური ზეწოლა, როგორც საშუალება, რათა შელახოს ბატონი ივანიშვილის რეპუტაცია და ზუსტად ასე უნდა იყოს ეს კვალიფიცირებული. სამწუხაროდ, ჩვენ აღარ ვართ გაკვირვებულნი ამ ქმედებებით, თუ გავითვალისწინებთ Credit Suisse-ის ურთიერთობების ისტორიასა და სასამართლო პროცესებს, რომელსაც კლიენტი აწარმოებს სხვადასხვა იურისდიქციაში. ექსტრაორდინარულად მიგვაჩნია ის, რომ Credit Suisse-ი განაგრძობს თავისი მოვალეობების შეუსრულებლობასა და კლიენტების უპატივცემულობას, როდესაც ბანკი ამდენი პრობლემის წინაშე დგას. ეს კიდევ ერთი შეფერხება ყოველგვარი საფუძვლისა და დამაჯერებელი მიზეზების გარეშე არ წარმოადგენს გამონაკლისს Credit Suisse-ის ქცევის მოდელში და კლიენტის უფლებების დარღვევა ბანკის ერთადერთი შეცდომა არ არის,” – აცხადებს ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი.
მაშინ, როდესაც Credit Suisse-ი ახალი “ანტირეკორდის” დამყარების პროცესშია, ისიც უნდა ითქვას, რომ Credit Suisse-ის მიერ კლიენტის უფლებების დარღვევა შვეიცარიის სასამართლოებში გრძელდება. სასამართლოების ასეთი ჩართულობის გამო, Credit Suisse-ის ვალდებულება კლიენტისთვის ვალის დაფარვის შესახებ შეუსრულებელი დარჩა არა 36 დღის, არამედ 36 თვის განმავლობაში. ოთხშაბათს დამატებითი მასალა გამოქვეყნდება, რომელიც დეტალურად აღწერს, თუ როგორ იყენებს Credit Suisse-ი სასამართლო სისტემას დადგენილი საკანონმდებლო ნორმებისა და საბანკო სტანდარტების დარღვევისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.