პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ფიზიკური შეარაცხყოფისთვის გათვალისწინებული სასჯელის და შესაბამისი კანონმდებლობის გადახედვის თხოვნით მიმართა.
ამის შესახებ პრემიერმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„მინდა, ვთხოვო იუსტიციის მინისტრს, იქნებ გადავხედოთ რას ითვალისწინებს ჩვენი კოდექსი ფიზიკური შეურაცხყოფისთვის, რამდენადაც ვიცი, ეს არის ფულადი ჯარიმები და სხვა სახის მსუბუქი სასჯელი. მე არ მინდა, მეორე უკიდურესობაში გადავვარდეთ, მაგრამ ძალიან ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაში უფრო მკაცრი სასჯელებია გათვალისწინებული და იქნებ ამ კუთხითაც გარკვეული პრევენცია გაგვეკეთებინა არჩევნებამდე,” – განაცხადა პრემიერმა.
გუშინდელ გარდაბნის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების მიმდინარეობისას, მე-2, მე-4 დამე-6 საარჩევნო უბნებზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. შედეგად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთი მხარდამჭერი დაშავდა. როგორც „ნაციონალებმა“ განაცხადეს, როდესაც მათ მხარდამჭერებს თავს დაესხნენ, პოლიციას შესაბამისი რეაქცია არ ჰქონდა.

