ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ოცნების” დეპუტატი: ოპოზიციაში ოცნებობენ, რომ ივანიშვილს სანქციები დაუწესდეს, მაგრამ ეს არ მოხდება

“ქართული ოცნების” დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა შეაფასა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ  შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-თან ივანიშვილის დავას დროში “საეჭვოდ დაემთხვა” რამდენიმე ფაქტი. კერძოდ, პრობლემები, რომლებიც ბიზნესმენს ხელოვნების ნიმუშების და ვერტმფრენის გადაადგილებასთან დაკავშირებით შეექმნა.

“მეტრონომის” კითხვაზე, ხომ არ არის ადვოკატის მიერ მოყვანილი ფაქტები იმის წინაპირობა, რომ ივანიშვილს შესაძლოა სანქციები დაუწესდეს, სეფაშვილმა აღნიშნავს, რომ ამის საფუძველს ვერ ხედავს.

“ამას პოლიტიკურ შეფასებას ვერ მივცემ, ადვოკატმა გააკეთა განცხადება და რაც მე მოვისმინე, არის სამართლებრივი საკითხი. შეიძლება რაღაც გარემოებები არის ისეთი, რაც ეჭვებს ბადებს, ალბათ თვითონ უკეთ იციან, რა სახის ეჭვებზე არის საუბარი, თუმცა, პოლიტიკურ შეფასებას ამაზე ვერ გავაკეთებ. რა თქმა უნდა, ოცნებობენ ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები, რომ [ივანიშვილს] დაუწესდეს სანქციები, მაგრამ ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს და ამას არავინ არ აპირებს. აშშ და დასავლეთი ჩვენი პარტნიორები არიან, მხარს გვიჭერენ ყველაფერში”, – აცხადებს დეპუტატი.

სეფაშვილი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებასაც გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ შვეიცარიული ბანკის ქმედებების უკან ამერიკის შეერთებულ შტატებთან კოორდინაციასთან დაკავშირებულ ეჭვებს, თავისი საფუძველი აქვს.

“ყველას აქვს უფლება, თავისი ეჭვები გამოთქვას იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებიც მისი აზრით ერთიან სურათში არ ჯდება. მე არ ვიცი კონკრეტულად რა ეჭვებსა და ჩანაფიქრებზეა საუბარი, თუმცა, აშკარა ფაქტები, იგივე, აშშ-ს მიერ დახმარებით, კელი დეგნანის და სხვა ოფიციალური პირების განცხადებებით დასტურდება, რომ საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებლიანად იქცევა, ეს არის კონკრეტული ხელშესახები ფაქტები, რომლებსაც მე ვხედავ და რომლითაც დასტურდება რომ მხარს გვიჭერენ. ხოლო პოლიტიკურ შეფასებას ვერ გავაკეთებ. არიან ოპოზიციურად განწყობილი ხალხი, რომლებსაც არ უნდათ სიმშვიდე და სტაბილურობა. ისინი ალბათ ცდილობენ, ყველაფერს ცუდი და ნეგატიური აზრი შესძინონ, რომ წარმოიშვას გაუგებრობები საქართველოში, რაც საბოლოო ჯამში ქვეყანას დააზიანებს. რა თქმა უნდა, გარკვეული ძალების ინტერესებში ეს არის, თუმცა, “ქართული ოცნების” ინტერესში არ არის, რომ ქვეყანაში იყოს არეულობა”, – ამბობს ეკა სეფაშვილი.

იტვირთბა....