საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა ვივამედში გადაყვანაზე თანხმობას აცხადებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, კობა ნაყოფიამ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ნაყოფიას თქმით, საუბარი შეეხება მხოლოდ კვლევების ჩატარებას და არა მკურნალობის მიზნით გადაყვანას. როგორც ნაყოფიამ აღნიშნა, სააკაშვილმა კლინიკაში დღეს გადასვლაზე უარი თქვა, რადგან ოჯახის წევრებთან შეხვედრა ჰქონდა ჩანიშნული, თუმცა, ხვალიდან ის მზად არის, გამოკვლევები ჩაიტაროს.
“სანამ მე შევიდოდი, მისთვის უკვე ნათქვამი ჰქონდათ, რომ ის იქნებოდა გადაყვანილი. უბრალოდ, აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რომ იქ არ არის საუბარი სამკურნალოდ გადაყვანაზე, იქ საუბარი იყო მხოლოდ გამოკვლევასთან დაკავშირებით. ანუ, მას შესთავაზეს, რომ ვივამედში გადაიყვანდნენ გამოკვლევების ჩასატარებლად და ისევ უკან, პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნებდნენ. თან შესთავაზეს, რომ ეს მომხდარიყო დღეს, რაზეც მან უთხრა, რომ დღეს ვერ წავიდოდა, რადგან დღეს ისედაც უიშვიათესი დღე არის მისი აქ ყოფნის განმავლობაში, როდესაც ეძლევა შესაძლებლობა, შეხვდეს ოჯახის წევრებს და რა თქმა უნდა, ამის გამო მოუხდა ამ შემოთავაზებაზე უარის თქმა, მაგრამ ხვალ, ზეგ, რა თქმა უნდა, ის თანახმაა. ხაზს ვუსვამ, ეს შეეხება მხოლოდ კვლევების ჩატარებას, საუბარი მკურნალობის მიზნით გადაყვანაზე არ არის. ყოველ შემთხვევაში, მას პირადად მხოლოდ გამოკვლევებთან დაკავშირებით გადაყვანაზე უთხრეს”, – აცხადებს ნაყოფია.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს ვივამედში გადაყვანა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე შესთავაზა.