ევროკავშირმა რუსეთის გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენება უნდა განიხილოს, – აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
ბორელის თქმით, შეერთებულმა შტატებმა ავღანეთის ცენტრალური ბანკის საკუთრებაში არსებული მილიარდობით დოლარის აქტივები გამოიყენა, ნაწილობრივ ტერორიზმის მსხვერპლთა კომპენსაციისთვის და ქვეყნისთვის ჰუმანიტარული დახმარებისთვის და ლოგიკური იქნებოდა იმავეს გაკეთება რუსეთის რეზერვებთან დაკავშირებით.
რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისას ევროკავშირმა და მოკავშირეებმა რუსეთის ცენტრალური ბანკის ანგარიშებზე განთავსებული ასობით მილიარდი დოლარის სავალუტო რეზერვები გაყინეს.
რუსეთის შესაბამისი უწყებები მარტში აცხადებდნენ, რომ სანქციების შედეგად გაიყინა 300 მილიარდი დოლარის აქტივები ოქროსა და სავალუტო რეზერვებიდან, რაც ჯამში რეზერვების, დაახლოებით, ნახევარია.
„მე მომხრე ვარ, რადგან ეს სრულიად ლოგიკურია. ფული არის და ვინმემ უნდა ამიხსნას, რატომ არის ეს კარგი ავღანური ფულისთვის და ცუდი რუსული ფულისთვის“, – განაცხადა ბორელმა.
უკრაინის აღდგენისთვის რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეული აქტივების გაყიდვის შესახებ ისაუბრეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმაც.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.