ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

შსს-ს განცხადება ბათუმში, საპროტესტო აქციაზე დაკავებულების შესახებ

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან გვიან ღამით დაკავებული პირების შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნულია, აქციაზე 25 პირი იქნა დაკავებული, რომელთაგან ორიც ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, დანარჩენები კი დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

“ბათუმის ქუჩებში გუშინ საღამოს დაწყებულ აქციაზე პოლიციამ შეკრებილთა უფლებებისა და საზოგადოებრივი წესრიგის უსაფრთხოების დაცვის მიზნით ყველა საჭირო ღონისძიება განახორციელა.სამართალდამცველებმა უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით უზრუნველყვეს აქციის მონაწილეთა მსვლელობა.

მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლის წინ გაშალეს კარვები და გამოიწვიეს გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად ბლოკირება. კანონმდებლობის სრული დაცვით შეკრებილი ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე, პოლიციამ ბათუმის ქუჩებში შეზღუდა საგზაო მოძრაობა, ხოლო როდესაც აქციის მონაწილეთა რაოდენობა შემცირდა, აღარ იყო აუცილებლობა გზის გადაკეტვის პოლიციამ უზრუნველყო საზოგადოებრივი წესრიგის და საგზაო მოძრაობის აღდგება.

პოლიციის მხრიდან არაერთი მოწოდებისა და გაფრთხილების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას გაეთავისუფლებინათ გზა, განაგრძეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რის შემდეგაც მოხდა მათი დაკავება”, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს.

შეგახსენებთ, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მათი მხარდამჭერები პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით აწყობდნენ აქციას.

იტვირთბა....