გამყარებული ლარი და გაზრდილი ფასები, – ამ საკითხთან დაკავშირებით, “მეტრონომი” ეკონომისტ, ოთო აბესაძეს ესაუბრა.
როგორც აბესაძე განმარტავს, ფასების ზრდა ქვეყანაში ვალუტის კურსზე და ინფლაციის მაჩვენებელზეა და დამოკიდებული.
ეკონომისტის თქმით, ვალუტის კურსი, ამ ეტაპზე ხელოვნურადაა გამყარებული, ვინაიდან ეროვნულმა ბანკმა 50 მლნ დოლარზე მეტი გამოიტანა სავაჭროდ.
“ფასების ზრდას თავიდან ბოლომდე ინფლაციის მაჩვენებელი იწვევს. მარტიდან აპრილამდე ინფლაცია 1,8%-ით გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ თუ 2021 წელში ინფლაცია იყო 13.9%, 2022 წელს ნებისმიერ შემთხვევაში ეს მაჩვენებელი გადააჭარბებს 15%-ს. მკითხველისთვის, რომ გავამარტივოთ, ეს ნიშნავს, რომ საშუალოდ თვიდან თვემდე ადამიანები 10%-ით ვღარიბდებით.
ინფლაცია ქმნის გაზრდილ ფასს და არა ვალუტის კურსი. ის ასევე წარმოქმნის ყველა სახის ეკონომიკურ პრობლემას, რაც ქვეყანაში არსებობს. რაც შეეხება ვალუტის კურსს, ამ ეტაპზე ის ხელოვნურადაა გამყარებული, ვინაიდან ეროვნულმა ბანკმა 50 მლნ დოლარზე მეტი გამოიტანა სავაჭროდ. 3.05 ლარით, რომ ერთი დოლარის ყიდვა შეიძლება, არვიცი, ეს რამდენად გამყარებული კურსია, მაგრამ ამ ეტაპზე გაჩერებულია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლარის კურსი გამყარებული კი არ არის, არამედ მისი გაუფასურება გაჩერებულია. გამყარებული იქნება მაშინ, როდესაც ერთი ლარი გაუთანაბრდება 2 დოლარს.
რაც შეეხება გამყარების ტენდენციას, მივიღებთ ზუსტად იგივეს, როდესაც მესამე კვარტალი იწყება და ადამიანები მოვიხმართ პროდუქციას, რომლის 73%-ზე მეტი იმპორტირებულია. შესაბამისად ეს ჩვენი მსხვილი იმპორტიორები დოლარს ქვეყნიდან გაიტანენ.
ეს თავისთავად მაისის თვის ბოლოსთვის ვალუტის კურსის კვლავ გაუფასურებაზე აისახება. ერთადერთი გზა, რომლის მეშვეობით ვალუტის კურსის გამყარება და ინფლაციის მაჩვენებლის ქვემოთ ჩამოსვლაა შესაძლებელი ეს არის ქვეყანაში, რაც შეიძლება მეტი უცხოური ვალუტის შემოტანა. მარტივად ქვეყანაში არავინ არ შემოვა და არ შემოგიტანს ფულს.
ყველაფერ ამას სამი რამ სჭირდება: პირველი, ეს არის მაქსიმალურად ლიბერალური საგადასახადო პოლიტიკა, რაც ომში მყოფმა უკრაინამ გააკეთა საგადასახადო რეფორმა. მეორე, ნებისმიერ შემთხვევაში და უპირობოდ საგადასახადო პოლიტიკით ნებისმიერი ინფლაციის მაჩვენებლები დასტაბილურდება. მესამე ეს არის დამოუკიდებელი სასამართლო და ჯანსაღი გარემო. ეს არის ის სამი მთავარი ფაქტორი, რომლის საშუალებითაც ქვეყანაში ინვესტორი შემოდის და არა “ნამახვანჰესის” ამბავი, როდესაც რამდენიმე მილიარდი შემოდიოდა ქვეყანაში, შემდეგ ძალიან ცუდი მესიჯები გავუშვით და სიგიჟეები მოხდა.
გაუფასურებას რა გააჩერებს: საქართველოს მთავრობამ რომ მიიღოს რაიმე ეკონომიკური სახის რეფორმა ეს შედეგზე დაახლოებით 6 თვეში აისახება. პოზიტიური მოლოდინი მექნებოდა მსგავსი რამე, რომ მომხდარიყო, თუმცა მსგავსი არ მახსენდება. ის მოლოდინი, რომ საქართველოში ტურისტები შემოვლენ და ფულს შემოიტანენ, ტყუილია, რადგან 2019 წელს ჩვენმა ქვეყანამ 9 მილიონამდე ტურისტს ვუმასპინძლეთ, 2021 წელს ვუმასპინძლეთ მილიონზე მეტ ტურისტს, 2022 წელს ეს რიცხვი არ აცდება 2 მილიონს და მათი შემოტანილი ვალუტა ძვრასაც ვერ უზავს ვერაფერს და რატომ.
ძირითადად საქართველოში შემომსვლელები არიან რეგიონიდან, ეს არის უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი.უკრაინაში მიმდინარე ომიც გარკვეულ როლს ითამაშებს და ეს რიცხვი სამ მილიონს ვერ გადააჭარბებს.
თუ ქვეყანაში ვალუტის კურსი და ინფლაცია არ დააბალანსე, ფასი ვერანაირად ვერ დასტაბილურდება. მაგალითად დღეს, რომ ორი ლარი ღირდეს ერთი დოლარი, მაშინ ზეთი 4 ლარი ეღირებოდა, საწვავი იქნებოდა 2 ლარი და 30 თეთრი. ფასწარმოქმნა არის ვალუტაში და როდესაც ჩვენ ფასწარმოქმნაში გვაქვს პრობლემა, რადგან ძირითადად იმპორტზე ვართ დამოკიდებული, ამ შემთხვევაში მთავარი პრობლემა არის ინფლაცია და მონეტარული პოლიტიკა. ვინც იტყვის, რომ ინფლაციურ პრობლემებს მოევლება ერთ თვეში, 2 თვეში, ან 3 თვეში, ის უბრალოდ უვიცია და მან ეკონომიკა არ იცის”, – აცხადებს აბესაძე “მეტრონომთან”.