ევროკავშირი რუსული ნავთობის ეტაპობრივად სრულ აკრძალვას გეგმავს, – აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსი სამხედრო მაღალჩინოსნები, რომლებმაც ბუჩასა და მარიუპოლში სამხედრო დანაშაულები ჩაიდინეს, სანქციების სამიზნეები გახდებიან.
“დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ სანქციების მეექვსე პაკეტს. პირველ რიგში ესენი იქნებიან, მაღალი რანგის სამხედროები და სხვა პირები, რომლებმაც ჩაიდინეს ომის დანაშაულები ბუჩაში. ჩვენ ვიცით, ვინც ხართ და თქვენ პასუხის აგებთ”, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ლაიენის თქმით, რამდენიმე რუსული ფინანსური ინსტიტუტი და რუსი პროპაგანდისტები, ასევე სანქციებს დაექვემდებარებიან.
“ჩვენ ვზღუდავთ რუსულ Sberbank-ს და კიდევ ორ სხვა მსხვილ ბანკს. ასევე ვუკრძალავთ ჩვენს ეთერში წვდომას სამ დიდ სახელმწიფო მაუწყებელს, რომლებიც აგრესიულად ავრცელებენ პუტინის სიცრუეს და პროპაგანდას. და ბოლოს ჩვენ ვგეგმავთ რუსული ნავთობის ეტაპობრივად სრულ აკრძალვას. მოდით, ვაღიაროთ: ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მასზე”, – განაცხადა ფონ დერ ლეიენმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირს სურს უკრაინის გამარჯვება რუსეთზე.
ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.