ახალი ამბები მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

“საქართველო უკრაინაში ომს უცნაურად უყურებს” – პოდოლიაკი

საქართველო უკრაინაში ომს უცნაურად უყურებს, – აღნიშნულის შესახებ  უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, საქართველო არ იკავებს ისეთივე მკაფიო და არაორაზროვან პოზიციებს, როგორიც ევროკავშირის ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებს აქვთ.

“საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ თუ ირიბად, უკავშირდება ბატონ ივანიშვილს, რომელიც მკაფიოდ წარმოდგენილი რუსი ოლიგარქია და სამწუხაროდ, უკვე დიდი ხანია აქვს გავლენა დღევანდელ საქართველოს ხელისუფლებაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო ცოტა არ იყოს, უცნაურად უყურებს უკრაინაში ომს. არ იკავებს ისეთივე მკაფიო და არაორაზროვან პოზიციებს, როგორიც ევროკავშირის ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებს აქვთ”, – აღნიშნა პოდოლიაკმა.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე.

“რაც შეეხება დაზვერვის მონაცემებს, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია [რუსეთის] მიმდინარე მოლაპარაკებებზე სხვადასხვა ქვეყანასთან, იქნება ეს ბელარუსი და რუსეთი, საქართველო და რუსეთი, თუ სომხეთი და რუსეთი. ჩვენი საგარეო დაზვერვა აკონტროლებს ამ ყველაფერს.

ჩვენ გვესმის, რომ სანქციების გვერდის ავლის გარკვეული მცდელობები იქნება და თუ ეს მოხდება, რადგან ერთია, ჩვენი ვარაუდი, რომ ეს მოლაპარაკებები მიდის და მეორე, უკვე კონკრეტული კომპანიების სახელები. მაშინ, რა თქმა უნდა, როგორც კი მივიღებთ კომპანიების კონკრეტულ სახელებს, ჩვენი სანქციების კომისია, შეაფასებს და გაანალიზებს ყველაფერს, ამის შემდეგ კი, რა თქმა უნდა, ამ კომპანიების სახელები გამოქვეყნდება.

ეს ისე შეიძლება იყოს მოწყობილი, რომ ამ ფანჯრით არა პირდაპირ რუსეთმა მიიღოს ფული, ან წარმოებისთვის საჭირო კომპონენტები, არამედ ეს საქართველოს, ან ნებისმიერი სხვა შუამავლის მეშვეობით მოხდეს”, – აცხადებს პოდოლიაკი. 

ცნობისთვის, რამდენიმე ხნის წინ უკრაინულმა დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “რუსეთი საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის გავლით საკუთარი პროდუქციის რეექსპორტს გეგმავს”.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....