ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

რუსეთი საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის გავლით საკუთარი პროდუქციის რეექსპორტს გეგმავს – უკრაინის დაზვერვა

რუსეთი საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის გავლით საკუთარი პროდუქციის რეექსპორტს გეგმავს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ტექსტში ვკითხულობთ, საერთაშორისო ეკონომიკური სანქციების გავლენით რუსეთის ეკონომიკა უკვე მნიშვნელოვნად დეგრადირებულია. განსაკუთრებით დაზარალდა ტექნოლოგიებზე და უცხოური წარმოების კომპონენტებზე დამოკიდებული ინდუსტრიები.

უკრაინის დაზვერვის ცნობით, სანქციების შეზღუდვის თავიდან ასაცილებლად, რუსეთის ფედერაციას სურს ისარგებლოს მჭიდრო ურთიერთობებით ეკონომიკური ასოციაციების ფარგლებში.

მოსკოვი გეგმავს CSTO-ს ქვეყნებში (ბელორუსია, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი) მოაწყოს კომპონენტების წარმოება რუსული სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციისთვის.

“მოსკოვი ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე რეექსპორტზე. იგეგმება ქართული, სომხური და აზერბაიჯანული პროდუქციის საფარქვეშ რუსული პროდუქციის მიწოდება და ექსპორტი მესამე ქვეყნებში. ამ ქვეყნებში უკვე 200-ზე მეტი კომპანიაა დაფუძნებული”, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.

დაზვერვის ცნობით, სომხეთი ქმნის ხელსაყრელ პირობებს რუსული კომპანიების ბიზნესის წარმოებისთვის, უპირველეს ყოვლისა, IT სექტორში.

“რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის 85 000-მდე მოქალაქე და 113 IT კომპანია ჩამოვიდა სომხეთში. სომხეთის ტერიტორიაზე 1000-მდე კერძო საწარმო და 250-ზე მეტი შპს შექმნა, რომლებიც გადასახადებს გადაიხდიან ორი ქვეყნის – სომხეთისა და რუსეთის ბიუჯეტში”, – აცხადებენ უკრაინის დაზვერვაში.

 

იტვირთბა....