ახალი ამბები ბლოგები მთავარი საზოგადოება

კანაფი – “ალქაჯებზე მონადირეთა” თანამედროვე მსხვერპლი

 

ეს თემა იმდენად დაღეჭილი და გადაღეჭილია, რომ ერთი შეხედვით, თითქოს არ არის დარჩენილი სივრცე, რომელშიც მისი განხილვა სხვა კუთხიდან იქნებოდა შესაძლებელი… არაფერი რომ არ ვთქვათ რაიმე ახლის დამატებაზე. თუმცა, შევეცდები იგივე საკითხი ერთი-ორი განსხვავებული სიტყვით, ასე ვთქვათ, განსხვავებული “სამოსით”  წარმოგიდგინოთ და გაგაცნოთ.

a39321b

დავიწყოთ იმ ოფიციალური და მშრალი სტატისტიკური მონაცემებით, რომლებიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციას დრო და დრო თავის მოხსენებებში მოჰყავს ხოლმე. გაეროს 2012 წლის მონაცემებით, კანაფის (მცენარის ოფიციალურ სახელწოდებაზე შევჩერდეთ) აქტიურ მომხმარებელს მსოფლიო მოსახლეობის 5% შეადგენს – დაახლოებით 230 მილიონამდე ადამიანი. გაეროს იგივე მოხსენებაში ნათქვამია, რომ მისი (კანაფის) თავისუფლად, კანონის მხრიდან დაუბრკოლებლად, შეძენა პრაქტიკულად მთელ მსოფლიოშია შესაძლებელი – ჩრდილოეთ, სამხრეთ და ცენტრალური ამერიკა, კარიბის ზღვის რეგიონი, ცენტრალური და დასავლეთ ევროპა, ფაქტობრივად, აფრიკის მთლიანი კონტინენტი, აზიის სამხრეთი, ავსტრალია (ორიოდე შტატის გამოკლებით), ოკეანია და, რაც პირადად ჩემთვის დიდი მოულოდნელობა იყო, ჩრდილოეთ კორეა…(?!) ჩრდილოეთ კორეაში, განსხვავებით პლანეტის ზემოთჩამოთვლილი ბევრი რეგიონისგან, კანაფი არათუ დაუსჯელად მიწვდომადია, კანაფი ლეგალიზებულია… არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ის ჩრდილოეთ კორეაა, რომელიც ე.წ. მძიმე ნარკოტიკულ საშუალებებთან მიმართებაში სასჯელის ზომად სიკვდილით დასჯას მიმართავს.
აღმოსავლეთ ევროპის,  კავკასიის რეგიონისა და აზიის გარკვეული ნაწილის გარდა კანაფი, მართალია უმეტესწილად არალეგალურ, მაგრამ ფაქტიურად მთელ მსოფლიოში თავისუფალ ბრუნვაშია და მისი გარკვეული რაოდენობის ფარგლებში შეძენაც ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი და კანონის მხრიდან უსაფრთხოა. იმავე მოხსენებაში ვაშინგტონისა და კოლორადოს შტატებში კანაფის ლეგალიზებით ადგილობრივი შავი ბაზრისთვის მიყენებული ზარალია ხაზგასმული, რომელიც მილიარდობით დოლარით იზომება და კიდევ ერთი დამატებითი არგუმენტია კანაფის ლეგალიზების მომხრეთა ყულაბაში.

კეთილი… ცოტა ხნით მოვწყდეთ კანაფის გარშემო(!) არსებულ ინფორმაციას და მის შიგნით(!) შევიხედოთ. შევიხედოთ იქ, სადაც სკეპტიკოსთა აბსოლუტურ უმრავლესობას მზერა არ მიუწვდება და მათი საგნის გარშემო მსჯელობაც მხოლოდ მისი გარეგნული(!) აღწერით შემოიფარგლება. თუმცა (და ჩემდა გასაკვირად), ეს სულაც არ უშლით საგნის “სრულად და ამომწურავად” განხილვაში ხელს. საუბრობენ, მიმოიხილავენ და აკრიტიკებენ მოხმარების შედეგს, რომლის მხოლოდ ფიზიოლოგიურ ასპექტს იცნობენ. მხოლოდ ფიზიოლოგიურს, რამეთუ უფრო ღრმა ასპექტზე წვდომას, შედეგის ფსიქოანალიზს, მხოლოდ და მხოლოდ პირადი გამოცდილება, მასში საკუთრივ შეღწევა განაპირობებს და ვერანაირი, ყველაზე სკრუპულოზური გარე დაკვირვებაც კი ვერ შეადგენს იმ ობიექტურ სურათს, რომლის შედგენისკენაც სპეციალისტი ისწრაფის. ამდენად სამართლიან ეჭვს იწვევს ნებისმიერის განსჯა, ვინც ფსიქოპორტრეტების ხატვას ენციკლოპედიების დახმარებით არის ჩვეული და არა პირადი გამოცდილებით.
მოკლედ და პოპულარული ენით რომ ვთქვა – არაკომპეტენტურია ნებისმიერი სამეცნიერო ხარისხისა და დამსახურებების მქონე ნებისმიერი მედიკოსი და ზოგადად ნებისმიერი ადამიანი, რომელიც კანაფის დადებითობა-უარყოფითობის გარშემო საკუთარ აზრსა თუ დიაგნოზს განავრცობს და იმავდროულად დაბოლილი არ ყოფილა არასდროს.

მოდით, ისევ სულ ცოტა, მშრალი, გარეგნული(!) ფაქტები და შიგნით(!) ოდნავ დაბლა.
ფაქტია, რომ კანაფი მასზე დამოკიდებულს არაუმეტეს ხდის, ვიდრე დავუშვათ კოფეინი;
ფაქტია, რომ ნიკოტინი ამ მხრივ გაცილებით უფრო ძლიერი და იმავდროულად ჯანმრთელობისთვის გაცილებით უფრო მეტად საზიანოც არის;
ფაქტია, რომ ალკოჰოლი ამ მხრივ, პირდაპირ რომ ვთქვათ, სასიცოცხლო მნიშვნელობის საფრთხეებს შეიცავს.
კანაფის სისტემატურად, და ჭარბი დოზითაც კი, მომხმარებელს მისი მოხმარების მყისიერად შეწყვეტა ყველაზე ცუდს რასაც უქადის არის რამოდენიმე საათიდან დღე-ღამემდე უხასიათობა და არა უძირო დეპრესია, როგორც ხშირად აღწერენ ხოლმე.
ნიკოტინის სისტემატურად და ჭარბი დოზით მომხმარებელისთვის მისი მოხმარების მყისიერად შეწყვეტა, არ გადავამეტებ და ბევრიც დამეთანხმება, ფაქტობრივად გმირობის ტოლფასია და შეწყვეტის შემდგომი პერიოდიც გაცილებით უფრო მეტად შეესაბამება დეპრესიის მდგომარეობას, ვიდრე კანაფის შემთხვევაში.
ალკოჰოლის სისტემატურად და ჭარბი დოზით მომხმარებელს კი მისი მიღების მყისიერად შეწყვეტა უბრალოდ კლავს.
რაც შეეხება მუსირებულ აზრს, თითქოს კანაფი პირველი ნაბიჯია და მას როგორც წესი(?) სხვა, მძიმე ნარკოტიკების მოხმარება მოსდევს, მიუხედავად იმისა, რომ ეს გარკვეულწილად ასეა, მაინც აბსურდულ მტკიცებათა რიგს მიეკუთვნება. რასაკვირველია გარკვეულწილად ეს ასეა, თუმცა, ეს ასე ზუსტად იმ დოზითა და პროპორციებით არის, რა დოზითა და პროპორციებითაც ლუდს, როგორც პირველ ნაბიჯს, შემდეგ “როგორც წესი” ალკოჰოლიზმი მოყვება. კი ბატონო, საგნების ასეთ მიმდევრობაში დევს ლოგიკის მარცვალი, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ იმ კალაპოტში, რომელიც იდეაში, თეორიაში, საგანთა მიმდევრობას უცილობელ და გარდაუვალ აქტად განიხილავს. ასეთი მიდგომა კი ცხოვრებაში ყოველთვის არ ამართლებს. არ არის სწორი და აუცილებელი მიგვაჩნდეს, რომ თუკი ნივთიერება (ამ შემთხვევაში კანაფი) საერთო განსაზღვრების (ნარკოტიკი) ქვეშ ხვდება სხვა ნივთიერებასთან (დავუშვათ ჰეროინი) ერთად, ესე იგი ის ავტომატურად მიმდევრობის რაღაც ჯაჭვშია მასთან ერთად ჩაბმული და მასთან მისასვლელ აუცილებელ გზას და ეტაპს წარმოადგენს. როგორც ლუდის ყველა მოყვარული 96 გრადუსიანი ეთანოლის სმას არ მიჰყოფს ხელს მხოლოდ იმის გამო, რომ მათ “ალკოჰოლი” აერთიანებს, ისე კანაფის მომხმარებელი არ შეჯდება “წამალზე” მხოლოდ იმიტომ, რომ ორივე “ნარკოტიკია”. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, განსხვავებით ლუდისგან და სპირტისგან, მათ ადამიანზე ზემოქმედების ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული თვისებები და ეფექტი გააჩნიათ.

კანაფი… რას წარმოადგენს ის შიგნიდან?
ნებისმიერი, განურჩევლად ინტელექტუალური თუ სხვა პირადი მონაცემებისგან, ვინც კანაფით დამთვრალა, ერთ რამეში დამეთანხმება – მისი ზემოქმედების ქვეშ სამყაროს აღმქმელობა მძაფრდება.
მნიშვნელობა არ აქვს მოცემულ მომენტში რას წარმოადგენს სამყარო… თუ ის აივნიდან გადაშლილი ხედია, ის ორმაგად ლამაზია; თუ ის თეფშიდან მირთმეული კერძია, ის ორმაგად გემრიელია; თუ ის ფილმია ეკრანზე, ორმაგად საინტერესოა; თუ ის მელოდიაა, ორმაგად მელოდიურია; თუ ის სიხარულია, ორმაგად სასიხარულოა; თუ ის ტკივილია, ორმაგად მტკივნეულია; თუ ის სასაცილოა, ორმაგად სასაცილოა; თუ ის სამწუხაროა, ორმაგად სამწუხაროა; თუ ის ფიქრია, ორმაგად კონცენტრირებულია და ა.შ. თავისი უსასრულოდ მრავალი გამოხატულებებით. თუმცა მე პირადად სიტყვებს “აღმქმელობა მძაფრდება” “საგნების დამსახურებისამებრ შეფასებას” ვამჯობინებ… კანაფის ზემოქმედების ქვეშ საგნების არსი მათ ზედაპირზე იწევს და ის, ასე თუ ისე, ხილული ხდება. სხვა საქმეა, ვინ და რა ინტერპრეტაციას აძლევს, ვინ როგორ გადაამუშავებს იმ, თუ შეიძლება ასე ითქვას “დაბურული ყოველდღიურობიდან” ერთგვარ სიცხადეში მოხვედრას, რომელიც საგნების არსს, პასუხებს, დროებითი ცხოვრების შესაძლებლობას აძლევს. გააჩნია ვინ და რა შეფასებას აძლევს იმ, ერთმნიშვნელოვნად ფხიზელ სიცხადეს, რომელიც ბევრს სიმთვრალედ მიაჩნია და რომელიც ერთმნიშვნელოვნად კარნახობს, რომ სადღაც, საწყის და სასრულ ეტაპზე, ასეთი სიცხადეა ხედვისა და აღქმის ერთადერთი ობიექტი – ბუნების  საწყისი და საწყისის ბუნება.
რასაკვირველია კანაფის მომხმარებელთა უმეტესობა (არათუ მათი მონაყოლის მსმენელი ობივატელი) სამყაროს აღმქმელობის იმ გამძაფრებული შეგრძნებებისგან გაუანალიზებელი სიამოვნების მიღებას ანიჭებს უპირატესობას… იმ შეგრძნებას, რომელიც თავის თავში უკვე გარკვეულ ანალიზს, გარკვეულ პასუხებს შეიცავს და ამდენად მის დამატებით გაანალიზების სურვილსაც არ ბადებს. მეტს გეტყვით, მომხმარებელთა უმრავლესობა იმ სიცხადეს, რომელიც ზემოთ აღვწერე, დაბინდულობასთან უფრო მეტად აიგივებს, თრობასთან უფრო მეტად აიგივებს, ვიდრე ბინდისგან თავის დროებით დაღწევასთან.

რაც შეეხება კანაფის გვერდით მოვლენებს, მის ჯანმრთელობისთვის საზიანო მხარეებს, ისინი რასაკვირველია არსებობს! მიუხედავად იმისა, რომ ნიკოტინისგან, ალკოჰოლისგან და მძიმე ნარკოტიკებისგან განსხვავებით, ორგანიზმისთვის, ისევე როგორც ფსიქიკისთვის, მაინც და მაინც დამანგრეველი არ არის, არც უმნიშვნელო და ყურადღების მიღმა დასატოვებელია.
კანაფის მოხმარების ერთ-ერთი ასეთი და მე ვიტყოდი უმთავრესი უკუჩვენება შრომისუნარიანობის მკვეთრი დაცემაა, და როცა ვამბობ – “შრომისუნარიანობა”, ძირითადად მის ფიზიკურ ასპექტსა და შემადგენელს ვგულისხმობ. კანაფის ხშირი მოხმარება ორგანიზმს ფიტავს, შეიძლება ითქვას, მის გამოშრობას უწყობს ხელს და ამდენად მას პასიურს ხდის. კანაფის ხშირი მოხმარება გარკვეულწილად მომხმარებლის მენტალურ ცვლილებებსაც განაპირობებს; რაც ძირითადად გარემოს მიმართ კონცენტრაციის კლებაში გამოიხატება. მისი ეს უკუჩვენება თრობის მდგომარეობაში გარემოსადმი კონცენტრაციის მაღალი ემოციური ფონით არის განპირობებული. თრობის მდგომარეობიდან გამოსულისთვის, გარემოს ჩვეული აღმქმელობის რეჟიმში დაბრუნებულისთვის, აღმქმელობებს შორის კონტრასტი იმდენად მაღალია, რამდენადაც “ლამაზს” და “უშნოს” შორის და ამდენად მისი ეს აპათიური და ნაკლებად კონცენტრირებული მდგომარეობა მას რაღაც ხანი მოყვება. რაც უფრო სისტემატური და ხშირია მოხმარება, მით უფრო ხანგრძლივდება ეს “რაღაც ხანიც” და ზუსტად აქ იჩენს თავს ისეთი საგულისხმო და მეტად  აუცილებელი ცნება, როგორიცაა – ზომიერება… რომლის გარშემოც ამჯერად არ განვივრცობი.

თვითონ ეს თემა საინტერესოა იმდენად, რამდენადაც  საზოგადოების შიგნით ხშირად პოლემიკისა და დავის საგანი ხდება ხოლმე და მის გარშემოც უამრავი ძველი და ახალი მოსაზრების გამოთქმა შეიძლება, თუმცა ამჯერად ამით შემოვიფარგლები და ბოლოს ერთს დავამატებ… კანაფი და მისი მოხმარება კარგია და ის აუცილებლად ლეგალურ ბრუნვაში უნდა მოექცეს-თქო ვერ ვიტყვი… უფრო სწორად არ ვიტყვი, ოღონდ… იმ საზოგადოებაში, რომელშიც ალკოჰოლი დაშვებულია და მისგან ადამიანის მიერ ადამიანისთვის მიყენებული მორალური და ფიზიკური ზიანი დანგრეული ოჯახებით, დარღვეული ურთიერთობებითა და ჩამქრალი სიცოცხლეებით იზომება, კანაფი რა მოტივით და რის საფუძველზეა აკრძალული, აი ეს არ მესმის… არ მესმის, მიუხედავად იმისა და რადგანაც ამას დიდი გულმოდგინებით და ხშირად “არგუმენტირებულადაც” ისინი გვიხსნიან ხოლმე, ვისაც ჯერ კარგსა და ცუდს შორის სხვაობა არ აქვთ ნათლად  წარმოდგენილი  და პირდაპირ უკეთესსა და უარესს შორის სხვაობაზე მიგვანიშნებენ.

ვასო შონია

იტვირთბა....