„თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს“ განცხადებით პირველ თებერვლამდე თბილისის ყველა საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეწყდა.
სააგენტოს წარმომადგენლები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციას ითვალისწინებენ.
სააგენტოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ითვალისწინებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციას, რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში გაცდენების მაჩვენებელი 20%-ს აღემატება, პრევენციის მიზნით სწავლა მინიმუმ, რამდენიმე სამუშაო დღის განმავლობაში უნდა შეწყდეს.
სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თბილისის ყველა საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეწყდეს 2016 წლის 28 იანვარს და განახლდეს ამავე წლის 1 თებერვალს“ – ნათქვამია განცხადებაში.