ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში ის ქალები მიდიან, რომელთაც უმეტესად მეუღლის, მამის, ძმის და სხვა ნათესავის მხრიდან ძალადობისგან თავდაღწევა სურთ. თავშესაფრის წევრი ერთ-ერთი ქალი ჰყვება:
“ჩვენი ოჯახური ისტორია ძალიან შეიცვალა. სასიყვარულო თავგადასავლები მალე დასრულდა და დაიწყო გაუთავებელი ომი, რომელიც არ სრულდებოდა. ერთ მშვენიერ დღეს, გამოვედი და ხმამაღლა ვთქვი, რომ ოჯახში პრობლემა მქონდა. რამდენიმე ადამიანის დახმარებით და შემაკავებელი ოქმის საფუძველზე, გადმომიყვანეს ამ თავშესაფარში. აქ მოკლე პერიოდში მივიღე ისეთი სახის რეაბილიტაცია, რაც მჭირდებოდა. ამის მერე მივხვდი, რომ ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის შემიძლია იმაზე მეტი გავაკეთო, ვიდრე წარმომედგინა აქამდე.”
თავშესაფარში ქალები ხშირად მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად მიდიან. ამ ეტაპზე თავშესაფარში 19 ბენეფიციარი, 9 სრულწლოვანი და 10 არასრულწლოვანი ცხოვრობს. თითოეულ მათგანს საშუალება აქვთ სამედიცინო, იურიდიული თუ სოციალური დახმარებით ისარგებლონ. თავშესაფრის ფსიქოლოგები ბენეფიციარებს თავდაპირველად ტრამვისგან და სტრესისგან გათავისუფლებაში ეხმარებიან, ხოლო შემდეგ პიროვნულ და პროფესიულ რეალიზაციაში ეხმარებიან.
თავშესაფარში ქალები მხოლოდ ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მინიჭების შემდეგ ხვდებიან. სტატუსის მინიჭება, როგორც უფლებადამცველები ამბობენ, გონივრულ ვადაში არ ხდება და მას ორი-სამი კვირა სჭირდება. ეს მაშინ, როცა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს და მან დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს უსაფრთხოების გარანტია, რომ საკუთარი თავის დაცვა შეძლოს. უფლებადმაცველებს ერთ-ერთ გამოსავლად ქალთა კრიზისული ცენტრების არსებობა ესახებათ. პირველი კრიზისული ცენტრის გახსნა მთავრობის მიერ 2016 წლის ზაფხულიდან იგეგმება. ცენტრში ქალები ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მინიჭებამდე დარჩებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ თავიანთი უფლებების დაცვა სიცოცხლის ფასად აღარ მოუწევთ.
თუ თქვენ გახდით ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ან ფლობთ ინფორმაციას ოჯახში ძალადობის თაობაზე, გთხოვთ დაუკავშირდეთ შემდეგ საკონტაქტო მონაცემებზე: 112, სპეციალურად დატრეინინგებული ოპერატორების დახმარებით პოლიცია მოახდენს დროულ და ოპერატიულ რეაგირებას შემოსულ ინფორმაციაზე.
მომზადებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის სიუჟეტის მიხედვით