აშშ-ის კონგრესის დელეგაცია საქართველოს სტუმრობს. დელეგაციის წევრმა სენატორებმა ვიზიტთან დაკავშირებით თბილისში პრესკონფერენცია გამართეს.
ამერიკელმა სენატორებმა თბილისში გამართულ შეხვედრებსა და ორი ქვეყნის ურთიერთობებზე გაამახვილეს ყურადღება.
“მოდით, თავდაპირველად დავიწყებ მადლობით. მინდა, მადლობა გადავუხადო ელჩ დეგნანს, ასევე მის ძალიან ნიჭიერ გუნდს, რომ დღეს შესანიშნავი ბრიფინგი მოაწყვეს ჩვენთვის. ჩვენ აქ ვართ, რათა საქართველოს მთავრობასთან ერთად აღვნიშნოთ დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. მე მოუთმენლად ველი ამ საღამოს, პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ერთად ამ დღის აღნიშვნას, რომ ვიზეიმოთ საერთო ფასეულობების ეს 30 წელი, საერთო ვალდებულებების 30 წელი, რაც აღებული გვაქვს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის მიმართ და რაც დაკავშირებულია ღია და თავისუფალი საზოგადოების კეთილდღეობასთან. ჩვენ ასევე შევხვდით პრემიერ-მინისტრს და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს. ასევე, ოპოზიციის ლიდერებს, ასევე რუსეთიდან გამოსახლებულ რუს დისიდენტებს და უკრაინელ ლტოლვილებს. მე მინდა, ყველაზე მეტად, დასაწყისშივე ძალიან მოკლედ ხაზი გავუსვა, თუ რამდენად ვაფასებთ იმ პარტნიორობას, რომელიც ხორციელდება აშშ-ისა და საქართველოს ხალხებს შორის. ჩვენ საერთო ისტორია გვაქვს, საერთო ფასეულობები და საერთო მისწრაფებები“, – განაცხადა სენატორმა კუნსმა.
სენატორმა ბობ კეისიმ თავის სიტყვაში მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს.
„მინდა, გავიმეორო და ხაზგასმით აღვნიშნო, რაც ჩემმა კოლეგა სენატორმა თქვა. დიდი მადლობა, რომ დღეს აქ ვიმყოფებით, რათა აღვნიშნოთ ჩვენი პარტნიორობის 30 წლისთავი. ჩვენ ამ პარტნიორობის ფარგლებში მადლობა გვინდა, გადავუხადოთ ქართველ ხალხს ამ დახვედრისთვის და მათი ჩართულობისთვის“, – განაცხადა სენატორმა ბობ კეისიმ.