უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, სამშვიდობო შეთანხმება შესაძლოა, ორი დამოუკიდებელი დოკუმენტისგან შედგებოდეს, რომელთაგან ერთიც, უსაფრთხოების გარანტიებს შეეხება, მეორე კი უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის პირდაპირ ურთიერთობებს.
“ვფიქრობ, ეს შეიძლება იყოს ორი სხვადასხვა დოკუმენტი. ეს არის უსაფრთხოების გარანტიები მათგან, ვინც მზად არის, მოგვცეს უსაფრთხოების გარანტიები და დამოუკიდებელი დოკუმენტი რუსეთთან”, – განაცხადა ზელენსკიმ ადგილობრივ ონლაინ-მედიასაშუალებებთან ინტერვიუში.
მისივე თქმით, ოფიციალურ მოსკოვს ურჩევნია, ერთი დოკუმენტი გაფორმდეს, რომელიც ყველა საკითხს მოიცავს, თუმცა, ზელენსკიმ განმარტა, რა უშლის ამას ხელს.
“ყველა ვერ ხედავს თავს რუსეთის პირისპირ ერთ მაგიდასთან. მათთვის, უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის, ეს ერთი საკითხია, ხოლო შეთანხმემები რუსეთთან – მეორე. რუსეთს უნდა, რომ ყველაფერმა ერთ დოკუმენტში მოიყაროს თავი, ადამიანები კი ამბობენ – ბოდიში, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რა მოხდა ბუჩაში და ბოროდიანკაში”, – აღნიშნავს ზელენსკი.
ამავე თემაზე: “მარიუპოლის მცველების განადგურება მოლაპარაკებებს წერტილს დაუსვამს”, – ზელენსკი