მოძრაობა “აი იას” დამფუძნებლის, გია გაჩეჩილაძის განცხადებით, აქვს ინფორმაცია, რომ ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს საქართველოში ჩამოსულმა ამერიკელმა, პიტერ აკერმანმა ჩაუტარა ტრენინგი, თუ როგორ უნდა მოაწყონ სახელმწიფო გადატრიალება.
“საქართველოში ჩამოსული იყო პიროვნება, სახელად პიტერ აკერმანი, ამერიკელი, რომელიც დაოსტატებული და განთქმულია სახელმწიფო გადატრიალებების მოქმედებაში. ბაკურიანში შედგა შეხვედრა და ტრენინგები ჩაატარა ქართულ ოპოზიციასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ჩემი აზრით, ეს არის შეთქმულება სახელმწიფოების წინააღმდეგ, რადგან იქ განიხილებოდა საკითხები, თუ როგორ შეიძლება მოიშორონ და გადააგდონ ხელისუფლება და ამიტომაც, მინდა ხმამაღლა განვაცხადო, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა “აი ია” ვიდგებით ჩვენი ქვეყნის სიმშვიდის, უსაფრთხოების, უშიშროების და თავისუფლების სადარაჯოზე. ასე რომ, ტყუილად ნუ ექნება იმედი ნურავის, რომ ამ ქვეყანაში რაღაც გადატრიალების მსგავსს მოაწყობს. ჩვენ გავიარეთ ძალიან ბევრი ასეთი შემთხვევა და სახელმწიფო გადატრიალებებზე უარი ვთქვით, მიუხედავად იმისა, რომ ასი ათასობით ადამიანი იკრიბებოდა ყოველდღიურად ქუჩაში, უარი ვთქვით ამ დესტრუქციაზე, რასაც დღევანდელი ოპოზიცია და არასამთავრობოები აკეთებენ, ჩვენ ამაზე უარი ვთქვით და დაველოდეთ არჩევნებს. მხოლოდ არჩევნების გზით უნდა შეიცვალოს საქართველოში სიტუაცია, თუ გვინდა, რომ დავემსგავსოთ ნორმალურ, წარმატებულ ქვეყანას”, – განუცხადა გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს.
მან კითხვით მიმართა საქართველოში აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს, იცოდა თუ არა ამის შესახებ.
“მინდა, კითხვა დავუსმა ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს – მან თუ იცის, რომ ეს პიროვნება ჩამოსული იყო საქართველოში და მართავდა ტრეინინგებს? თუ იცის, ძალიან საინტერესოა საზოგადოებისთვის, რა პასუხი ექნება”, – ამბობს გაჩეჩილაძე.
ცნობისთვის, მანამდე “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარტია “ლელო” ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ხელისუფლების დამხობის სტრატეგიაზე მუშაობს და მათ ამ თემაზე ბაკურიანში გამართეს შეხვედრა.