რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი NATO-ში ფინეთის და შვედეთის შესაძლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
მედვედევის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შეუერთდებიან, შვედეთი და ფინეთი მოწინააღმდეგეებად იქნებიან აღქმული და რუსეთი “ზომებს მიიღებს”.
“შვედეთი და ფინეთი ცხოველური ინტერესით განიხილავენ NATO-ში შესვლის შესაძლებლობას და ალიანსიც მზადაა, ყველაზე შემცირებულ ვადებში და მინიმალური ბიუროკრატიული პროცედურების გავლით მიიღოს ისინი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთს ოფიციალურად დარეგისტრირებული მოწინააღმდეგეები შეემატება. რა რეაქცია უნდა გვქონდეს ამაზე? პასუხი გასაგებია – უემოციო, ცივი გონებით. ორით მეტი ქვეყანა იქნება ნატო-ში თუ ორით ნაკლები, მთლიანობაში ამას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ სხვა საქმეა, რომ თუ შვედეთი და ფინეთი ალიანსის წევრები გახდენიან, რუსეთის ფედერაციასთან ალიანსის სახმელეთო საზღვრების სიგრძე სულ მცირე ორჯერ გაიზრდება. ამ შემთხვევაში, უკვე აღარ იქნება საუბარი ბალტიისპირეთის არაბირთვულ სტატუსზე, რადგან ბალანსი უნდა აღდგეს. დღემდე, რუსეთი ასეთ ზომებზე არ მიდიოდა და ამის გაკეთებას არც აპირებდა, თუ არ გვაიძულებენ”, – წერს მედვედევი Telegram-ზე.
ცნობითვის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანების ინტერესი გამოთქვეს.