პარტია “ლელოს” პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას ეხმაურება იმასთან დაკავშირებით, რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრები პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად აპირებენ უკრაინაში ჩასვლას.
როგორც სამადაშვილმა “მეტრონომთან” საუბარში განაცხადა, მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა იყოს ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა ასეთი დელეგაციის უკრიანაში ჩასვლასთან დაკავშირებით.
“გავიხსენოთ, საიდან დაიწყო ყველაფერი – პარლამენტის თავმჯდომარემ მიიღო მოწვევა უკრაინიდან, რაზეც ჯერ უარი თქვა, შემდეგ, საპარლამენტო ოპოზიციამ განაცხადა, რომ თუ უმრავლესობა არ წავიდოდა, საპარლამენტო ოპოზიცია განიხილავდა ვიზიტის შესაძლებლობას, თუმცა, ამის შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” კიდევ გადახედა თავის პოზიციას და თქვა, რომ ახლა აპირებენ წასვლას. ამიტომ, თუ შედგება საპარლამენტო დელეგაცია და შესაბამისად, მის შემადგენლობაში შევა ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი, ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა. ის პარტიები და ის პოლიტიკოსები, რომლებიც პარლამენტში არ არიან წარმოდგენილი, თავისთავად იგულისხმება, რომ არ იქნებიან ასეთ დელეგაციაში. ამიტომ, არ ვიცი, ჩემთვის გაუგებარია, აზრთა სხვადასხვაობა რატომ უნდა იყოს ამ საკითზე”, – აცხადებს სალომე სამადაშვილი.
ცნობისთვის, პარტია “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ Facebook-ზე დაწერა:
“ქართულ ოცნებასთან” ერთად ბუჩაში რომ წავიდე, უკანასკნელი აფერისტი უნდა ვიყო”.