“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრს, ხატია დეკანოიძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რა პოზიციაა პარტიის საპარლამენტო ფრაქციაში უკრაინაში შალვა პაპუაშვილის დელეგაციის შემადგენლობაში წასვლათან დაკავშირებით.
“ინტერპრესნიუსის” ცნობით, ამასთან დაკავშირებით დეკანოიძემ აღნიშნა, რომ პარტიაში შესაძლოა, აზრთა სხვადასხვაობა იყო, “ქართული ოცნებისგან” კი ჯერ მათ კონკრეტული შეთავაზება არ მიუღიათ.
“შეიძლება იყოს პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ მე “ქართული ოცნებისგან” ჯერ არ მაქვს კონკრეტული პასუხი რას აპირებენ დელეგაციასთან დაკავშირებით. დაველოდები პასუხს, როგორი იქნება უმრავლესობის და პაპუაშვილის შეთავაზება, რას ფიქრობენ ისინი ამ ვიზიტზე. ერთადერთი რაც ვიცი, კომუნიკაცია ჰქონდათ რადას თავმჯდომარეს და შალვა პაპუაშვილს, რომ ის უნდა ჩავიდეს უკრაინაში… დაველოდები პასუხს, როგორი იქნება უმრავლესობის და პაპუაშვილის შეთავაზება, რას ფიქრობენ ისინი ამ ვიზიტზე. იცით, რომ კიევში ვიყავი, ჩვენთვის და პირადად ჩემთვის არავითარი დაბრკოლება არ არის კიევში წასვლა, ამიტომ ჩემთვის მთავარია ამოსავალი იყოს საქართველოს და უკრაინის ინტერესი. ნებისმიერ შემთხვევაში, ვისურვებდი, შიდა დაპირისპირებაზე მაღლა დავაყენოთ საქართველოს და უკრაინის ინტერესი”, – ამბობს დეკანოიძე.
ცნობისთვის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად, რომელსაც “ომის პარტიად” მოიხსენიებს, ხელისუფლების ვიზიტი უკრაინაში მისთვის მისაღები არ არის.