“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოცემულობა შეიცვალა და უკრაინაში არა საპარლამენტო დელეგაციის, არამედ, პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი განხორციელედება.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის მისაღები არ არის უკრაინაში “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად გამგზავრება, რომელსაც “ქართულ ოცნებაში” “ომის პარტიად” მოიხსენიებენ.
“არ არის მაინცდამაინც მისაღები, “ომის პარტიასთან” ერთად ამ ვიზიტის განხორციელება. მოცემულობა არის უკვე შეცვლილი – ეს იქნება არა საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი, არამედ პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი უკრაინაში. აქედან გამომდინარე, ყველა დეტალი გადაიხედება. ჩვენ გვქონდა სატელეფონო საუბარი შალვასთან. ყველანი ვიყავით ჩართული, პრემიერიც ჩართული იყო ამ კონსულტაციებში და საბოლოო ჯამში, ჩვენ გავიზიარეთ შალვას ინიციატივა უკრაინაშ წასვლასთან დაკავშირებით”, – აცხადებს კობახიძე.
მან ასევე გააკეთა შეფასება, გამოასწორებს თუ არა ეს ვიზიტი ორ ქვეყანას შორის არსებულ დაძაბულობას.
“მტკიცებით ფორმაში იმის თქმა, რომ ყველაფერი ერთბაშად მოგვარდება, შეუძლებელია. თუმცა, გვაქვს ოპტიმისტის საფუძველი, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს თავის კოლეგასთან უკრაინაში ექნება მეგობრული საუბარი და ეს გახდება ყველა საკითხის გადაჭრის დასაწყისი”, – ამბობს კობახიძე.