უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, უკრიანის შეიარაღებული ძალები ქალაქ მარიუპოლისთვის ალყის მოხსნას შეძლებდნენ, დასავლეთმა მძიმე იარაღი რომ მიაწოდოს.
“როდესაც საუბარი მიდის აუცილებელ იარაღზე, ისევ ჩვენი პარტნიორების გზავნილებზე ვართ დამოკიდებული. სამწუხაროდ, იმდენს ვერ ვიღებთ, რამდენიც ამ ომის სწრაფად დასრულებისთვის, ჩვენს მიწაზე მტრის სრულად გასანადგურებლად და მარიუპოლისთვის ალყის მოსახსნელად არის საჭირო. რეაქტიული თვითმფრინავები და საკმარისი რაოდენობის ჯავშანტექნიკა რომ გვქონდეს, ამის გაკეთებას შევძლებდით. დარწმუნებული ვართ, რომ თითქმის ყველაფერს მივიღებთ, რაც გვჭირდება, თუმცა მანამდე, დრო იკარგება, ამას უკრაინელების სიცოცხლე მიაქვს, რასაც უკან ვერ დავაბრუნებთ”, – ციტირებს ზელენსკის სიტყვებს CNN.
შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მალევე, მარიუპოლი ალყაში მოაქციეს. უკრაინულ მედიაში დღეს გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ ოკუპანტებმა ქალაქში უცნობი წარმოშობის მომწამვლელი, ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს.