პოლონეთის ვიცე-პრემიერი, იაროსლავ კაჩინსკის განცხადებით, მისი ქვეყანა უნგრეთთან ძველებურად აღარ ითანამშრომლებს მანამ, სანამ მისი ლიდერი, პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით თავის დამოკიდებულებას არ შეიცვლის.
“როდესაც ორბანი ამბობს, რომ ვერ ხედავს, რა მოხდა ბუჩაში, მას უნდა ურჩიონ, რომ ოფთალმოლოგთან მივიდეს. ვფიქრობ, ორბანს იმედი აქვს, რომ ამ კონფლიქტის გადაწყვეტაში წვლილს შეიტანს, მაგრამ ჩემი შეფასებით, ეს აბსოლუტური ჩიხია”, – განაცხადა მან Plus Radio-სთან ინტერვიუში.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ერთ-ერთი სახელმწიფოს წამყვანმა პოლიტიკოსმა მოსთხოვა მტკიცებულებები, რომ ბუჩაში მომხდარი სამხედრო დანაშაულები ინსცენირებული არ იყო. მას არ დაუკონკრეტებია პოლიტიკოსის ვინაობა, თუმცა, უკრაინულ მედიაში მალევე დაიწერა, რომ ზელენსკის უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანზე ჰქონდა საუბარი.