პარლამენტის წევრი ეკა ბესელია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახალი პრეზიდენტის პედრო აგრამუნტის განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ არასერიოზული და დამაკნინებელია მისი მხრიდან სავჩენკოსთან გიგი უგულავას მოხსენიება.
„ჩვენ მას ვიცნობთ იმ ცნობილი რეზოლუციის ავტორის სახით, რომელიც იყო ძალიან უსამართლო და დაუბალანსებელი რეზოლუცია. ის არის სახალხო პარტიის ლიდერი და ნაციონალური მოძრაობა შემავალია ამ პოლიტიკური ჯგუფში. სახალხო პარტია, რომ ღიად ლობირებს ნაციონალურ მოძრაობას ეს ცნობილი ფაქტია და მათი პოლიტიკური თანამოაზრეობა ხშირად ვლინდება სხვადასხვა ტენდენციურ განცხადებებში, მაგრამ ჩვენ გვინდა იმედი ვიქონიოთ, რომ ბატონი აგრამუნტი ახლა მაინც, როგორც საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, დაივიწყებს მის პირად პოლიტიკურ მეგობრებს და სიმპატიებს და ის შეძლებს, რომ თავის საჯარო გნცხადებებში დაბალანსებულად და ევროსაბჭოს პრინციპების ფარგლებში გააკეთოს განცხადებები და მოახდინოს რეაგირება.
სრულიად არასერიოზული იქნება და დამაკნიკებელია ისეთ ცნობილ და მართლაც პოლიტიკურ პატიმარზე როგორიც არის სავჩენკო, მასთან ერთად იყოს ნახსენები უკვე მსაჯვრებული და სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობილი ბატონი უგულავა. ეს განპირობებულია პოლიტიკური სიმპატიებით ბატონი აგრამუნტის მხრიდან ნაციონალური მოძრაობის მიმართ,“ – აცხადებს ეკა ბესელია.
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახალი პრეზიდენტი ჰყავს, ის ესპანეთის წარმომადგენელი პედრო აგრამუნტია.
აგრამუნტმა საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლისას, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა პოლიტპატიმრად მოიხსენია და განაცხადა:
„ჩემი პრეზიდენტობის ერთ-ერთი მიზანია დავიცვა ასამბლეის დეპუტატების უფლებები, რათა მათ შეძლონ შეასრულონ საკუთარი მანდატი, როგორც არჩეულმა წარმომადგენლებმა ევროპის საბჭოში და მათ ქვეყნებში.
ამგვარად, ისეთი პირების, როგორებიცაა უკრაინელი ნადია სავჩენკო და სხვა პოლიტიკური პატიმრების, მათ შორის გიგი უგულავას გათავისუფლება, მათი თავისუფლების, გადაადგილების თავისუფლებისა და სიტყვის თავისუფლების დაცვა უნდა იყოს ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომელიც უნდა განვიხილოთ დაინტერესებული ქვეყნების ხელისუფლებებთან ერთად “, – განაცხადა აგრამუნტმა.