სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) ბათუმსა და რუსთავში მიმდინარე შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, 13:00 საათის მდგომარეობით დაფიქსირებული დარღვევებისა და ტენდენციების უმეტესობა ბათუმში მიმდინარე შუალედურ არჩევნებს უკავშირდება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბათუმში “სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა საუბნო საარჩევნო კომისიებში ორი საჩივარი შეიტანეს, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიებში – 1. ამასთან, ორგანიზაციის ცნობით, ხუთი შენიშვნა დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში.
“ბათუმის #89, #90, #92 და #100 საარჩევნო უბნებზე ფართის სიმცირისა და უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირების სიმრავლის გამო, შეინიშნება ქაოსი და გართულებულია პროცესზე სრულყოფილად დაკვირვება. ბათუმის #23, #69, #79, #89, #90, #92 და #100 საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა ელექტრონულ ხმის მიცემასთან დაკავშირებული ხარვეზები, ძირითადად, ვერიფიკაციის აპარატების და რიგ შემთხვევებში, სკანერების გაუმართაობის გამო. ბათუმის #77, #79, #89, #91 საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრზე შეიმჩნევა კოორდინატორებისა და პოლიტიკური მიზნით მოქმედი დამკვირვებლების ყოფნა და მათ მიერ ამომრჩეველთა მობილიზება. ასევე, ზოგიერთ საარჩევნო უბანთან ფიქსირდება საეჭვო შეკრებებიც”, – ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 06:45-12:00 საათში დამკვირვებლებმა გამოავლინეს შემდეგი ტიპის დარღვევები:
- ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა
- აგიტაცია საარჩევნო უბანზე
- უბნის მოწყობის წესის დარღვევა
- კოვიდ რეგულაციების დარღვევა