რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ოფიციალური მოსკოვი მზადაა, მხარი დაუჭიროს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს თუმცა, გარანტიების შესრულება არა მხოლოდ რუსეთს, არამედ ევროპას და კონკრეტულად უკრაინასაც უნდა დაევალოს.
ამასთან, ლავროვის თქმით, ეს გარანტიები შესაბამისობაში უნდა იყოს ეუთო-ს ფარგლებში მიღებულ დოკუმენტებთან.
“ჩვენ ვემხრობით, რომ უკრაინას, ყველა ევროპულ ქვეყანას და რუსეთს დაეკისროთ უსაფრთხოების გარანტიების შესრულება იმ დოკუმენტების შესაბამისად, რომლებიც მრავალი წელია მიღებულია ეუთო-ს ფარგლებში. მათში წერია, რომ არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა გააძლიეროს თავისი უსაფრთხოება სხვა ქვეყნის უსაფრთხოების ხარჯზე”, – ციტირებს ლავროვის სიტყვებს РИА Новости ავრცელებს.
შეგახსენებთ, უკრაინულმა მხარემ სტამლობში, რუსულ დელეგაციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამოთქვა მზადყოფნა, გამოაცხადოს უბლოკო, ნეიტრალური და არაბირთვული სახელმწიფოს სტატუსი, სანაცვლოდ კი უსაფრთხოების მყარი გარანტიები მოითხოვა. მათ შორის, NATO-ს მე-5 მუხლის მსგავსი ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, , ქვეყნის ტერიტორიაზე ნებისმიერი სამხედრო აგრესიის განხორციელების შემთხვევაში, გარანტორი ქვეყნები ვალდებული იქნებიან უკრაინას სამხედრო დახმარება აღმოუჩინონ, მათ შორის, ჩაკეტონ ცა ქვეყნის თავზე.