რუსეთი სოფლის მეურნეობის პროდუქციას მხოლოდ მეგობარ ქვეყნებს მიაწვდის. ამის შესახებ უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა ტელეკომპანია RT-ს განუცხადა.
“სასურსათო და სოფლის მეურნეობის პროდუქტებს მხოლოდ ჩვენს მეგობრებს გავუგზავნით. საბედნიეროდ, ასეთი ბევრი ქვეყანაა და ისინი სულაც არ არიან ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ეს ქვეყნები საფასურის გადახდას შეძლებენ როგორც რუბლში, ისე მათ ნაციონალურ ვალუტაში”, – წერს მედვედევი.
მან ასევე განაცხადა, რომ შესაძლოა, არამეგობრული ქვეყნებიდან რუსეთში შემოსატანად აკრძალული პროდუქტების ჩამონათვალი გაიზარდოს.
“არამეგობარ ქვეყნებს არ გავუგზავნით ჩვენს ქვეყანაში წარმოებულ სასურსათო და სოფლის მეურნეობის პროდუქტებს. არც მათგან შევიძენთ. მართალია, 2014 წლის შემდეგ არც ვყიდულობთ, მაგრამ შემოსატანად აკრძალული პროდუქტების ჩამონათვალი შეიძლება კიდევ გაფართოვდეს”, – აღნიშნა მედვედევმა.
მისივე თქმით, ქვეყანაში საკვების საკმარისი მარაგია შიდა მოთხოვნის დასაქმაყოფილებლად და მიწოდებაში პრიორიტეტი სწორედ შიდა ბაზარს ენიჭება.