საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ეკა სეფაშვილი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის მიერ საქართველოდან ელჩის, იგორ დოლგოვის გაწვევავას გამოეხმაურა. როგორც სეფაშვილი “მეტრონომთან” საუბარში აღნიშნავს, გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ზელენსკი საომარ ვითარებაში იღებს, რეალურ შეფასებას ვერ მისცემს.
“რა გითხრათ, ზელენსკი საომარ ვითარებაში არის და მისი ქმედებების შეფასება ამ სიტუაციაში რთულია. რეალური შეფასების მიცემას ახლანდელ სიტუაციაში ალბათ ვერ შევძლებ. დრო ყველაფერს თავის ადგილზე დასვამს და ყველაფერი ცხადი გახდება. ჩვენს ოპოზიციაში მყოფი პარტიის წარმომადგენლები უკრაინაში წამყვან პოზიციებს იკავებენ და მე დარწმუნებული ვარ, რომ არასწორი ინფორმაციის ზეგავლენით არის მისი ეს გადაწყვეტილება მიღებული”, – აცხადებს დეპუტატი.
ცნობისთვის, საქართველოს გარდა, ზელენსკიმ მაროკოდანაც გაიწვია ელჩი. როგორც მან გუშინ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ელჩებს უნდა შეეძლოთ იმის მიღწევა, რომ ის ქვეყნები, სადაც წარმოდგენილი არიან, უკრაინას დაეხმარონ, რუსეთს კი სანქციები დაუწესონ.
“არ იქნება იარაღი, არ იქნება სანქციები, არ იქნება შეზღუდვები რუსული ბიზნესისთვის და ეძებონ ახალი სამსახური”, – აღნიშნა ზელენსკიმ.