პარტია “ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგა ბოკერია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის მიერ საქართველოდან ელჩის, იგორ დოლგოვის გაწვევას გამოეხმაურა.
მისი თქმით, ჩვენი გასარჩევი არ არის, რით არის უკმაყოფილა უკრაინა საკუთარი ელჩით.
“ჩემი და ჩვენი საქმე არ არის იმის გარჩევა, ჩვენი მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტი, მითუმეტეს ისეთი ქვეყნის, რომელიც ახლა გმირულად იბრძვის და პუტინის იმპერიის მხრიდან დაბომბვის ქვეშ არის, რით არის უკმაყოფილო თუ კმაყოფილი ელჩით. მე ვიცი ის, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ, რომელიც არალეგიტიმურია, რომელიც მე არ წარმომადგენს არც პირდაპირი გაგებით ანუ არჩევნების ლეგიტიმურობის თვალსაზრისით და არც შინაარსით, მოახერხა, რომ ასეთ დროს დაპირისპირებაშია უკრაინის ხელისუფლებასთან”, – ციტირებს “ინტერპრესნიუსი” ბოკერიას სიტყვებს.
შეგახსენებთ, საქართველოს გარდა, ზელენსკიმ მაროკოდანაც გაიწვია ელჩი. მან საკუთარ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ ელჩებს უნდა შეეძლოთ იმის მიღწევა, რომ ის ქვეყნები, სადაც წარმოდგენილი არიან, უკრაინას დაეხმარებიან, რუსეთს კი სანქციებს დააკისრებენ.
“არ იქნება იარაღი, არ იქნება სანქციები, არ იქნება შეზღუდვები რუსული ბიზნესისთვის და ეძებონ ახალი სამსახური”, – აღნიშნა ზელენსკიმ.