ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

SOS: დღეს 2 ადამიანი გარდაიცვალა – რა ნიშნები აქვს გაზით მოწამვლას და როგორ დავიცვათ გამათბობლის უსაფრთხოება

მომწამლავი გაზი, CO გამოიყოფა  გაუმართავი გაზის ხელსაწყოებისა და არასტანდარტული საკვამლე და სავენტილაციო არხების ხმარებისას. CO უფერო, უსუნო, უგემო და ძლიერ მომწამლავი გაზია.  CO-ს 1%  შესუნთქვაც კი  1-2 წუთში იწვევს სიკვდილს. CO სისხლში ადვილად უკავშირდება ჰემოგლობინს, რაც ორგანიზმის მწვავე ჟანგბადოვან შიმშილსა და სიკვდილს იწვევს.

გაზით მოწამვლა შესაძლოა მძიმე ან მსუბუქი იყოს.

CO-თი მსუბუქი მოწამვლის ნიშნებია:

1, თავის ძლიერი ტკივილი, ტკივილი შუბლის, საფეთქლების მიდამოში, ყურებში შუილი.

2,  თავბრუსხვევა, სისუსტე, გულისცემის გახშირება, გულისრევა და პირღებინება. ადამიანი გონზეა, მაგრამ თითქოს გაბრუებულია.

CO-თი მძიმე მოწამვლის ნიშნებია:

1,  მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციები, სახეზე ჩნდება ვარდისფერი ან ლურჯი ლაქები,
ძილიანობა, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, ცნობიერების დარღვევა და კომური მდგომარეობა.

2, კრუნჩხვები, გუგების მკვეთრად გაფართოება, ირღვევა სუნთქვა; მომატებულია სხეულის ტემპერატურა, რაც ტვინის შეშუპების მანიშნებელია.

CO-თი მოწამვლისას პირველი დახმარებისთვის:

1, დაზარალებული სასწრაფოდ გამოიყვანეთ სახიფათო ზონიდან, უზრუნველყავით სუფთა ჰაერის მიწოდება, გააღეთ სარკმელი, ფანჯარა, კარი; ასუნთქეთ ჟანგბადი; თუ გონზეა, დაალევინეთ მაგარი ყავა, ჩაი, ასკილის ნაყენი. აუცილებლად გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

2, თუ ადამიანი კომაშია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მოსვლამდე ჩაუტარეთ ზემოთ მოცემული ღონისძიებები და დაელოდეთ სასწრაფოს. თუ ავადმყოფი გონზეა, სავარაუდოდ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ექიმის კონსულტაცია მაინც აუცილებელია.
CO-თი  მოწამლული, თუ მისი მდგომარეობა მძიმე არ არის, შეიძლება ჰაერზე გასვლით, ჟანგბადის მიღებით უკეთესად გახდეს,  მაგრამ ექიმთან მიმართვა ყველა შემთხვევაში აუცილებელია. ამ დროს, ხშირ შემთხვევაში,  სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს გადასხმას და ჟანგბადის მიწოდებას ბალონიდან.
CO-თი  მოწამვლა უმეტეს შემთხვევაში გაზის ხელსაწყოების გაუმართაობას უკავშირდება. გაზის ხელსაწყოების უსაფრთხოების პირობების დაუცველობა დიდ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ გაზის დანადგარების მომხმარებელს, ასევე მისი მეზობლების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

იმისთვის, რომ დაიცვათ საკუთარი და გარშემომყოფების სიცოცხლე, “ყაზტრანსგაზ-თბილისი” გირჩევთ:
1, ნუ მიანდობთ გაზის დანადგარების სამონტაჟო სამუშაოების ჩატარებას პირს, რომელსაც არ გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია;
2,  სათავსო, ანუ ოთახი, სადაც დამონტაჟდება გაზის ხელსაწყოები, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ვენტილაციით;
3,  წყალგამაცხელებლის დადგმა დასაშვებია, როგორც წესი, არა უმეტეს 5 სართულიან სახლებში, ხოლო დახურულ კამერიანი გამათბობელი ხელსაწყოების დადგმისათვის სართულიანობა არ იზღუდება;
4,  გამათბობელი და წყალგამაცხებელი აპარატების დამონტაჟებამდე შეამოწმებინეთ სპეციალიზირებულ ორგანიზაციებს საკვამლე და სავენტილაციო არხების ვარგისიანობა, რაზეც გაცემული უნდა იყოს დადგენილი ფორმის აქტი;
5,  დროულად წარუდგინეთ გაზის მეურნეობის ცენტრებს საკვამლე-სავენტილაციო არხების ვარგისიანობის აქტები (აგურის არხების შემთხვევაში – კვარტალში ერთხელ, აზბოცემენტის არხების შემთხვევაში – წელიწადში ერთხელ);
6, შენობაში გაზის სუნის შემჩნევისას შეწყვიტეთ გაზის მოხმარება, გადაკეტეთ გაზის ონკანები, გამოაღეთ კარ-ფანჯრები, გაანიავეთ სათავსო. არ იხმაროთ ღია ცეცხლი, ელექტროხელსაწყოები და არ ჩართოთ ან არ გამორთოთ შუქი. დარეკეთ შპს `ყაზტრანსგაზ-თბილისის~ საავარიო სამსახურში – ტელ. 114;
7,  გაზის მოწოდების შეწყვეტის შემთხვევაში აბონენტი ვალდებულია შეამოწმოს გადაკეტილია თუ არა ონკანები: გაზის მრიცხველთან, გაზქურასთან, წყალგამაცხელებელთან და გამათბობელ ხელსაწყოებთან;
8, გაზის ხელსაწყოებით სარგებლობის დროს ხშირად გაანიავეთ სათავსი (ოთახი, სადაც მოთავსებულია გაზის ხელსაწყო);
9, კატეგორიულად აკრძალულია: გაზზე მომუშავე ყველა სახეობის გამათბობელი და წყალგამაცხელებელი მოწყობილობათა მონტაჟი და ექსპლუატაცია (გარდა გაზქურის), რომელთა გამოყენებისას წვისათვის საჭირო ჰაერი აიღება სათავსიდან (ოთახიდან, სადაც მონტაჟდება ხელსაწყო)  და წვის პროდუქტების გაწოვა არ ხდება კვამლსადენების მეშვეობით (წვის პროდუქტები სათავსშივე, ანუ ოთახშივე რჩება), აგრეთვე რომელთაც არ გააჩნიათ საკვამლე-სავენტილაციო არხები;
10,  სავენტილიაციო არხების საკვამლე არხებად გამოყენება;
11, არასტანდარტული და თვითნაკეთი გაზის ხელსაწყოებისა და სანთურების გამოყენება;
12,  გაზის ხელსაწყოებისა და გაზგაყვანილობის თვითნებური მონტაჟი, გადაადგილება, შეერთება, გაზგაყვანილობის შეცვლა, გაჯის, ცემენტის ხსნარის, შპალერის, ხის პანელის, კარადების, მეტლახის ფილების ქვეშ მოქცევა, სავენტილაციო ცხაურის დაფარვა (დაგმანვა).
13,  დასასვენებლად და დასაძინებლად იმ სათავსოების გამოყენება, სადაც დამონტაჟებულია გაზის ხელსაწყოები, გარდა იმ ოთახებისა, რომელშიც შეიძლება დაყენებულ იქნას სახელმწიფო სტანდარტით გათვალისწინებული გამათბობელი ღუმელი;
14,  გაზის ხელსაწყოების ჩამკეტი მოწყობილობების, საკვამლე-სავენტილაციო არხების არ არსებობის შემთხვევაში ბუნებრივი გაზის გამოყენება;
15,  ანთებული გაზის ხელსაწყოების უმეთვალყურეოდ დატოვება;
16,  გაზსადენიდან ან გაზის ხელსაწყოებიდან გაზის გაჟონვის დადგენის მიზნით ღია ცეცხლის გამოყენება;
17,  წყალგამაცხელებელი და ყველა სახის გაზზე მომუშავე ხელსაწყოს დამონტაჟება სააბაზანო ოთახებში.

შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისში” მოქმედებს ცხელი ხაზი, აბონენტებს შეუძლიათ მიმართონ გაზიფიკაციის საკითხებზე ტელეფონის ნომერზე 240-40-04 და მიიღონ ამომწურავი პასუხები;
პასუხისმგებლობა საცხოვრებელ სახლებში გაზის საყოფაცხოვრებო ხელსაწყოების ექსპლუატაციაზე ეკისრებათ მომხმარებლებს. მოქალქეების მიერ წინამდებარე წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის.

ასევე, დარეკეთ SOCAR Georgia Gas-ის ცხელ ხაზზე – 16 114 და გამოიძახეთ ტექნიკური სამსახურის ბრიგადა, რომელიც თქვენს საცხოვრებელ სახლში (ბინაში) ყველა სახეობის გაზის დანადგარს შეამოწმებს უფასოდ.

SOCAR Georgia Gas-ის ტექნიკური სამსახურის მიერ გაზის გამათბობლის ან სხვა მოწყობილობების შემოწმება წელიწადის ნებისმიერ სეზონზე უფასოა.

გახსოვდეთ! ტექნიკურად გამართული გაზის დანადგარები მინიმუმადე ამცირებს საცხოვრებელ სახლში (ბინაში) გაზის გაჟონვის რისკებს.

შეგახსენებთ, რომ დიდუბის რაიონში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დღეს ორი მამაკაცი გარდაიცვალა. გამოძიება 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო, ან თბოენერგიის, გაზის,  ნავთობის ან ნავთობპროდუქტებზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

მანა ნოდია

 

 

იტვირთბა....