გაერთიანებული სამეფოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, ბარბარა ვუდვოდმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის “ითამაშოს თავისი როლი” უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების მიწოდებაში, თუ კიევი ამას ითხოვს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, უკრაინული მედია ბარბარა ვუდვოდის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ბრიტანეთის ხელისუფლება კიევს მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ დახმარებას და სამხედრო დახმარებას უწევს. უკრაინის დახმარებაზე დახარჯული მთლიანი თანხა 400 მილიონ ფუნტ სტერლინგს აჭარბებს. გარდა ამისა, ბორის ჯონსონი და ვოლოდიმირ ზელენსკი თითქმის ყოველდღე სატელეფონო საუბრებს ატარებენ”, – აცხადებს ვუდვოდი.
ბრიტანეთის წარმომადგენლის თქმით, მისი ქვეყანა მზად არის ომის დასრულებაში საკუთარი როლი ითამაშოს და უკრაინას მტკიცე დახმარება აღმოუჩინოს.
მანამდე ბრიტანეთის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ბრიტანეთის სანქციების მოხსნისთვის საკმარისი არ იქნება.
ბორის ჯონსონს ასევე სურს, რომ უკრაინას “ძლიერი სასიკვდილო იარაღი” მიაწოდოს.