ჩერნიგოვის მერის, ვლადისლავ ატროშენკოს განცხადებით, ქალაქი უკრაინის შეიარაღებული ძალების და ტერიტორიული დაცვის ნაწილების სრულ კონტროლშია.
თუმცა, ატროშენკო აღნიშნავს, რომ ჩერნიგოვში მტრის დივერსიული ჯგუფები კვლავ აგრძელებენ მოქმედებებს.
“ბევრი დივერსიული დაჯგუფება უკვე განადგურებულია, თუმცა, ახლები ჩნდებიან. ქალაქში აკავებენ ჯაშუშებს, რომლებიც უკრაინელი ჯარისკაცების ფორმებით და დოკუმენტებით გადაადგილდებოდნენ. ერთ-ერთ მათგანს ჩემთან შემოსვლის მცდელობაც ჰქონდა”, – აღნიშნავს ქალაქის მერი.
ატროშენკოს თქმით, ჩერნიგოვი ამ ეტაპზე მტრის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული სამიზნეა, რადგან მისი აღება რუს ოკუპანტებ კიევისკენ გაუხსნის გზას.
“განსაკუთრებული მდებაროების გამო, ქალაქის გვერდის ავლით გზის გაგრძელება მოუხერხებელია, ამიტომ, ოკუპანტები მის აღებას ცდილობენ”, – ამბობს ვლადისლავ ატროშენკო.
დივერსიული დაჯგუფებების გარდა, ქალაქი სარაკეტო თავდასხმების სამიზნეცაა. უკრაინული მედიის ცნობით, რამდენიმე დრის წინ ერთ-ერთ ასეთ შემთხვევას 47 ადამიანი ემსხვერპლა.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.