საფრანგეთმა რუსეთის ცენტრალური ბანკის 22 მილიარდი ევროს ოდენობის აქტივები, ასევე ფიზიკური პირების ანგარიშები 150 მილიონი ევროს ოდენობით გაყინა, – აღნიშნულის შესახებ საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა ბრუნო ლე მერმა განაცხადა.
ლე მერის ცნობით, საფრანგეთმა გაყინა მთლიანი 539 მილიონი ევროს ღირებულების უძრავი ქონება, რომელიც სანქციების ქვეშ დაქვემდებარებულ 30-მდე რუსს ეკუთვნის.
„ჩვენ გავყინეთ რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის აქტივები 22 მილიარდი ევროს ოდენობით. ასევე გავყინეთ სახსრები ფრანგულ დაწესებულებებში კერძო პირების ანგარიშებზე 150 მილიონი ევროს ოდენობით“, – განაცხადა მან.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამოღებულია 150 მილიონი ევროს ღირებულების ორი იახტა.
„ზოგადად, სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნის დღიდან, ჩვენ შევძელით რუსი ოლიგარქების აქტივების იდენტიფიცირება და გაყინვა, ჯამში 850 მილიონი ევროს ოდენობით“, – განაცხადა ლე მერმა.
მინისტრმა განმარტა, რომ ეს აქტივები გაყინულია, მაგრამ არ არის დაყადაღებული. თუმცა, მათ მფლობელებს არ შეუძლიათ მათი გამოყენება, გადაყიდვა ან მონეტიზაცია.