ახალი ამბები კორონავირუსი

გამყრელიძე: ეპიდსიტუაცია თანდათან დასტაბილურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ცნობით, საქართველოში ეპიდსიტუაცია თანდათან დასტაბილურდა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ იკლებს სიკვდილიანობა.

“კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებული ეპიდსიტუაცია თანდათან დასტაბილურდა. ყოველდღიური შემთხვევების კლების ტენდენცია გრძელდება, ინციდენტობის, დადებითობის, ასევე რეპროდუქციის ინდექსი უფრო მცირდება. მნიშვნელოვანია, რომ იკლებს სიკვდილიანობა.

საავადმყოფოებში დღეს დილისთვის წევს 801 ადამიანი, აქედან რეანიმაციაშია 222. ეპიდსიტუაცია სტაბილურია, სრულად მართვადია ქვეყანაში. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ მარტის განმავლობაში ეს უნდა გაგრძელდეს. სამწუხაროდ, მოგეხსენებათ, რომ ძალიან დაბალია აცრის მაჩვენებელი. თუ ჩვენ იანვარში გვქონდა ყოველდღიური 7 000, თებერვალში 3 000, მარტში გვაქვს 1000. ეს ძალიან ცუდია, რადგან იმუნური ფენა ჯერჯერობით საქართველოში აცრის შემდგომ დაბალია.

აცრილია მხოლოდ მოზრდილი მოსახლეობის 43.6%, ბუსტერი აქვს გაკეთებული 8%-ს. ამიტომ, ძალიან სიფრთხილე გვმართებს, რადგან მოგეხსენებათ მთელ რიგ ქვეყნებში იგივე „ომიკრონის“ მეორე ტალღა აღინიშნება: ავსტრიაში, დანიაში, ბრიტანეთში. საკმაოდ რთული მდგომარეობაა ჰონკონგში. ასევე ჩინეთის ქალაქებში იმატებს რაოდენობა. იქ, სადაც აცრის მოცვის მაჩვენებელი დაბალია, შესაძლებელია, კვლავ იყოს გარკვეული მატების ტენდეცია. მთავარი მოწოდება ისევ და ისევ, იმუნური ფენის გაძლიერებაა. განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია ბუსტერი, რადგან ბუსტერი იცავს რეალურად, როგორც ინფიცირების, ასევე დამძიმებისგან და სიკვდილიანობისგან”, – განაცხადა გამყრელიძემ.

იტვირთბა....