უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლისას დაღუპული ორი ქართველი მოხალისის ვინაობა ცნობილია. ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა, დავით ქაცარავამ, რომელიც კიევში მათ გვერდით იბრძოდა, საკუთარი ცოლის, სოფია ხაჭაპურიძის Facebook-ის საშუალებით გაასაჯაროვა მომხდარის დეტალებიც.
“გუშინ ირპენში ბრძოლაში, სადაც ჩვენი დანაყოფი მონაწილეობდა, გავანადგურეთ ორკების 3 ერთეული ჯავშან ტექნიკა და შესაბამისი ცოცხალი ძალა. ოპერაციიდან გამოსვლისას ორკებმა ცეცხლი გაგვიხსნეს ნაღმტყორცნებიდან. ჩვენი ორი ძმა, ჩვენი ქართველი მებრძოლი, დავით რატიანი და გია ბერუაშვილი დაიღუპა….უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი მათ სულებს. მშვიდობა დ გამარჯვება მალე!”, – ნათქვამია ქაცარავას თხოვნით გამოქვეყნებულ წერილში.
როგორც TVპირველს დავით რატიანის ახლობელმა განუცხადა, ის სამხედრო იყო და ავღანეთშიც იბრძოდა. გია ბერუაშვილი კი არსებული ინფორმაციით, ზურაბ ჟვანიას დაცვის სამსახურში მუშაობდა.
უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ დილის საათებში გახდა ცნობილი.