უკრაინაში უკვე სამ კვირაზე მეტია საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. უკრაინული მხარის ინფორმაციით, ამ დროის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა ვერც ერთი დიდი ქალაქის აღება ვერ მოახერხეს.
ამასთან, ესტონეთის, ლატვიისა და ლიტუენიის ერთ-ერთი მთავარი ინტერნეტ პორტალის, Delfi-ს ცნობით, ბრიტანული დაზვერვა დარწმუნებულია, რომ უკრაინული შეიარაღებული ძალების უწყვეტი კონტრშეტევები რუს ოკუპანტებს ფრონტის ხაზებისგან აშორებს, რისი მიზეზიც ის არის, რომ მათ ჯარისკაცების დიდი ნაწილის საკუთარი მომარაგების ხაზების დასაცავად გადაყვანა უწევთ.
თუმცა, რუსული ძალები კვლავ ინტენსიურად ბომბავენ უკრაინის ქალაქებს. დღეს დილით დაიბომბა ლვოვი. ქალაქის მერის, ანდრეი სადოვის განცხადებით, რუსულმა სარაკეტო დარტყმებმა ავიასარემონტო ქარხანა გაანადგურა, თუმცა, აფეთქების მომენტში იქ მუშები არ იმყოფებოდნენ. არსებული ინფორმაციით, ლვოვში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო.