უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა სიტუაციაზე კონტროლს ინარჩუნებს და რუს ოკუპანტებს გასული დღე-ღამის განმავლობაში ფრონტზე არანაირი დადებითი ცვლილებებისთვის არ მიუღწევიათ.
“მათ ამის შანსი არც აქვთ, რადგან საკუთარი რესურსები ამოწურეს. ანუ, მათ არ აქვთ რეზერვები. ამას არა მარტო ჩვენ, არამედ, წამყვანი დასავლელი სპეციალისტებიც აღნიშნავენ”, – ამბობს არესტოვიჩი და აღნიშნავს, რომ რუსეთის მცდელობა, სირიიდან, ლიბიიდან და შორეული აღმოსავლეთიდან დაქირავებული მებრძოლები გადმოეყვანათ უკრაინის ტერიტორიაზე, “ჯერჯერობით უშედეგოა”.
პეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინის არმია წარმატებით ახორციელებს კონტრშეტევებსაც.
“ჩვენმა მებრძოლებმა ზოგიერთი მიმართულებით გუშინ მცირე ტაქტიკური კონტრშეტევები განახორციელეს, რის შედეგადად, კონკრეტულ რაიონებში თავდაცვითი სიტუაცია გაუმჯობესდა”, – აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინაში 24 თებერვლის შემდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს.