უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში არსებული სიტუაცია ძალიან სერიოზულია, რაც მთელ ევროპას უქმნის საფრთხეს. როგორც პოდოლიაკმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, სიტუაცია საფრთხისშემცველია თავად რუსეთისთვის, რომლის სამხედროებიც ტერიტორიას აკონტროლებენ.
“ზოგადად, ჩერნობილში სიტუაცია ძალიან საშიშია. ოკუპანტების ქმედებების გამო, იქ იმ ობიექტების სტაბილური ელექტრომომარაგებაა შეწყვეტილი, რომელთა ელექტრომომარაგების გარეშე დატოვებაც, უბრალოდ, არ შეიძლება. ეს საფრთხეა მთელი ევროპისთვის და რა თქმა უნდა, თავად რუსეთისთვის”, – აცხადებს პოდოლიაკი.
მისივე თქმით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების მონიტორინგის სისტემებთან კონტაქტი აღარ აქვთ და “ახლა არავის ესმის, რა ხდება ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე”.
9 მარტს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ტვიტერზე დაწერა, რომ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს საწვავი ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა და თუ პროცესი 48 საათში არ აღდებოდა, ეს სამყაროს კატასტროფას უქადდა.
შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და პირველ დღესვე მოახერხა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიის დაკავება.