ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 38 ბავშვი გარდაიცვალა – ომბუდსმენი

უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან, 6 მარტის 12:00 საათის მონაცემებით, უკრაინაში უკვე გარდაიცვალა 38 ბავშვი, 71 კი დაშავდა, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველმა ლუდმილა დენისოვამ განაცხადა.

„ეს არ არის საბოლოო მონაცემები, რადგან ზუსტი ინფორმაციის მოპოვება გარდაცვლილთა და დაჭრილთა რაოდენობის შესახებ ქალაქ მარიუპოლში და ირპენში ჯერჯერობით, შეუძლებელია“,- განაცხადა დენისოვამ.

მისივე თქმით, მხოლოდ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, რუსი დამპყრობლების დაბომბვების შედეგად, მარიუპოლში წლინახევრის ბავშვი, ბუჩაში კი, ორი მძიმედ დაჭრილი ბავშვი გარდაიცვალა, რადგან ვერ აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება.

„ქალაქ ირპენის გასასვლელში რუსეთის ჯარმა ცეცხლი გაუხსნა სამოქალაქო პირებს, როდესაც ისინი ქალაქიდან ევაკუაციას აპირებდნენ. სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ორი ბავშვი. ერთი ადამიანი კი მძიმე მდგომარეობაშია“, – განაცხადა ომბუდსმენმა.

მისივე მონაცემებით, ხარკოვში 40 დღის ბავშვი, რომელსაც პნევმონია ჰქონდა, ხარკოვის ბომბსაფარში ყოფნისას გარდაიცვალა.

დენისოვას ინფორმაციით, გოსტომელი-ბუჩა-ირპენის მიმართულებაზე, საფარში ამ დროისთვის, 70 დაჭრილი ბავშვი იმყოფება, მაგრამ აგრესორის ჯარი მათთან ექიმებს არ უშვებს.

უკრაინის სახალხო დამცველის განცხადებით, რუსეთი უხეშად არღვევს სიცოცხლისა და ჯანდაცვის ბავშვთა ფუნდამენტურ უფლებებს.

„მოვუწოდებ საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, მიიღონ ყველა ზომა რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად, რათა შეაჩეროს სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ , – განაცხადა დენისოვამ.

იტვირთბა....