რუსეთის უმსხვილესი ავიაკომპანია Aeroflot რვა მარტიდან საერთაშორისო რეისებს აღარ განახორციელებს. როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, დროებითი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა “შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე, რომლებიც ხელს უშლის რეისების განხორციელებას”.
“აეროფლოტის” განცხადების მიხედვით, ფრენები გაგრძელდება რუსეთის შიგნით და ასევე, ბელარუსის დედაქალაქ მინსკის მიმართულებით.
ამასთან, 6 მარტიდან, ავიაკომპანია იმ რეისებზე წყვეტს მგზავრების დაშვებას, რომლებსაც ავიაბილეთები ორივე მიმართულებით აქვთ აღებული და უკან გზაზე 8 მარტს აქვთ ფრენა ჩანიშნული.
“ავიაკომპანია ყველა ზომას მიიღებს იმ მგზავრების რუსეთში დასაბრუნებლად, რომლებიც ფრენების შეჩერების მომენტში საზღვარგარეთ დარჩებიან”, – წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების გამო, ევროკავშირის ქვეყნებმა, გაერთიანებულმა სამეფომ, აშშ-მ და კანადამ რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე ჩაკეტეს. ამასთან, საავიაციო ტექნიკის მწარმოებელმა კომპანიებმა Airbus-მა და Boeing-მა რუსეთს მომსახურება შეწყვიტეს.