უკრაინელების 80 პროცენტზე მეტს სჯერა, რომ ქვეყანას რუსი ოკუპანტების დამარცხებას შეუძლია. ამის შესახებ უკრაინული მედია კვლევითი ორგანიზაცია Gradus Research-ის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაზე დაყრდნობით წერს.
ქვეყნის ყველა რეგიონში, სპეციალური მობილური აპლიკაციის საშუალებით ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, უკრაინელების უმეტესობა ასევე თვლის, რომ ომის შემდეგ, მათი ქვეყანა კიდევ უფრო გაძლიერდება.
“მიუხედავად უდიდესი სტრესისა, უკრაინელების 82 პროცენტს სჯერა, რომ ქვეყანას რუსეთის თავდასხმის მოგერიების უნარი აქვს, ხოლო 77% თვლის, რომ ომის შემდეგ, უკრაინა უფრო გაძლიერდება”, – წერია კვლევაში.
63% თვლის, რომ უმთავრესი ფაქტორი, რომელმაც ქვეყანას გამარჯვება უნდა მოუტანოს, საზოგადოების სიძლიერე და წინააღმდეგობის უნარია, ხოლო 62 პროცენტი გამარჯვების უმთავრეს საწინდარად უკრაინის შეიარაღებული ძალების სიძლიერეს ასახელებს. ამასთან, მხოლოდ 1 პროცენტი მიიჩნევს, რომ უკაინული მხარე მშვიდობაზე რუსეთის მიერ შემოთავაზებული პირობებით უნდა წავიდეს.
კვლევითი ცენტრი ასევე დაინტერესდა, რა განცდა ჭარბობს უკრაინელებში რუსეთის მიერ დაწყებული ომის გამო. გამოკითხულთა 62 პროცენტი ამბობს, რომ უპირველეს ყოვლისა, ეს არის ბრაზი.
როგორც “გრადუს რისერჩი” აღნიშნავს, კვლევის მონაწილებს 28 თებერვლიდან 1 მარტის პერიოდში, მობილური აპლიკაციის საშუალებით ანკეტის შევსება სთხოვეს.
“Gradus-ის ონლაინ-პანელი უჩვენებს ქალაქებს, სადაც 18-დან 60 წლამდე 50 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. გამოიკითხულ რესპოდენტთა რაოდენობა 2 144-ია”, – აღნიშნავენ კვლევით ცენტრში.
აღსანიშნავია, რომ მანამდე, სოციოლოგიური ჯგუფის, “რეიტინგის” მიერ 26-27 თებერვალს ჩატარებული სატელეფონო გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, ზელენსკის გადაწყვეტილებებს უკრაინელების 90%-ზე მეტი უჭერდა მხარს.